26 აპრილი 2024,   11:52
ვრცლად
მეშახტეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება დასრულდა - ინციდენტთან დაკავშირებით კომპანია პასუხისმგებლობას მეშახტეებს აკისრებს

ტყიბულში მეშახტეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება დასრულდა. მეშახტეების თქმით, ამ დროისთვის შეთანხმება შედგა და ტყიბულში ეკონომიკის სამინისტროს სპეციალურ კომისიას ელოდებიან, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. მეშახტეების თქმით, ვიდრე დასკვნა არ დაიდება შახტში მუშაობას არ განაახლებენ.

კომპანია "კოალ ოფ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მიხეილ სოცკი, თავის მხრივ, მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას მეშახტეებს აკისრებს. მისი თქმით, შახტში 2 დღის წინ მომხდარი ინციდენტისას ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას და ამბობს, რომ დასაქმებულებმა შახტიდან ამოსვლა საათნახევრით ადრე გადაწყვიტეს და არავინ გააფრთხილეს, იმ დროს კი ე.წ. დამხმარე ჭაური გადართული იყო ტვირთის გადაზიდვის რეჟიმზე და მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასება მალე დაიდება.

საწარმოს გენერალური დირექტორის ინფორმაციით, შახტებში ტექნიკური გადაიარაღების თვალსაზრისით სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

შახტში არსებულ ვითარებას კი ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალური ჯგუფი შეისწავლის.

მეშახტეები მათი მხრიდან უსაფრთხოების ზომების დარღვევის ფაქტს გამორიცხავენ და კომისიის დასკვნას ელოდებიან. რაც შეეხება ხელფასების მატებას, აცხადებენ, რომ ამ საკითხზეც გარკვეულწილად შეთანხმდნენ.

დღეს გაიმართება ხელმძღვანელობასთან კონსულტაცია და გახდება ცნობილი დაერიცხებათ თუ არა მეშახტეებს საშემოსავლოს 20 პროცენტი.

შეგახსენებთ, მეშახტეების პროტესტი 2 დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. საუბარია მინდელის შახტში ლიფტის ჩავარდნის შესახებ, რა დროსაც ლიფტში 22 მეშახტე იმყოფებოდა. 

დღის ამბები