ქვეყანაში შესაძლოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასტერი გაჩნდეს. სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთ თანამშრომელს ინფექცია გუშინ დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო, ამ ეტაპზე, უცნობია.
თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი წევრის ინფორმაციით, დაინფიცირებული პიროვნება დამლაგებელია.
"როგორც გავიგე, ერთ-ერთ დამლაგებელს დაუდასტურდა კორონავირუსი. მესამე სართულის დამლაგებელსო. სხვა რამე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ. დამლაგებლის კონტაქტების რიცხვი დიდი არ იქნება, იმიტომ, რომ ვიცავთ რეგულაციებს, სადეზინფექციო ხსნარი, ყველაფერი არის. ერთმანეთთან აქვთ დამლაგებლებს კონტაქტი, სხვა ვინმესთან შეხება არა მგონია,"-განაცხადა მან.
თსუ-ს კანცლერმა ლაშა საღინაძემ აღნიშნა, რომ დაინფიცირებული დამლაგებელი საპენსიო ასაკის ქალია, ხოლო მისი კონტაქტების რაოდენობა საკმაოდ მცირეა.
"მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი. ეს კონტაქტები ძალიან მცირეა იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 მარტიდან დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული. აღნიშნული სამსახური თანამშრომლებიც კვირაში ერთხელ მხოლოდ 2-3 საათით გამოდიან სამსახურში, შესაბამისად, კონტაქტების რაოდენობა ძალიან მცირეა. პირდაპირი კონტაქტი იყო ორი. გარკვეული ირიბი კონტაქტი გამოიკვეთა 10 ადამიანთან და ეს პირებიც იზოლაციაში იმყოფებიან. არის ქალბატონი და საპენსიო ასაკის,"- განაცხადა ლაშა საღინაძემ.
პაციენტის პირად კონტაქტებს უტარდებათ PCR ტესტირება და გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში.