12 სექტემბერი 2026,   13:07
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებასთან კითხვები არ მაქვს - ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს

კომენტარი ირაკლი სესიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის კრიტიკასთან დაკავშირებით გააკეთა. 

"თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე დიდი ხანია დასკვნა წარმოადგინა. ჩვენ დამატებით ამ საქმესთან და, ზოგადად, ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით ჩვენ, მათ შორის ოპოზიციამაც მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია. მათ შორის, გავეცანით საიდუმლო ოპერატიულ დოკუმენტაციას. ჩემთვის ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია ისევე, როგორც არ მაქვს საფუძველი არ ვენდო პროკურატურის მიერ მიღებულ დასკვნას. რაც შეეხება, ყველა სხვა ინიციატივას თუ შეფასებას, პოლიტიზირებულს თუ არაპოლიტიზირებულს, ეს მათი გადასაწყვეტია. პარლამენტს და მათ შორის პირადად მეც მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ,"-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 28 იანვარს პროკურატურამ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

იქამდე, 2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა. რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. 26 დეკემბერსვე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა.

ვერსიას მაჩალიკაშვილების ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

დღის ამბები