26 აპრილი 2024,   07:59
ვრცლად
მეცნიერები იმ ქვეყნების მაგალითს იკვლევენ, სადაც კოვიდპანდემია თითქმის დამარცხებული იყო, მაგრამ ახალი კერები გაჩნდა

კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მზარდია. ეპიდვითარება გამწვავდა რუსეთში, სადაც ბოლო 24 საათში 119 ადამიანი გარდაიცვალა და 9 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში, COVID-19 უკვე ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.  5 ახალი მსხვერპლი ჰყავს სომხეთს. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ის 17 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 269 ადამიანი. ინფიცირებულთა რიცხვი მზარდია თურქეთსა და აზერბაიჯანშიც.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების თითქმის 1 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში. 181-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა. ინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატა იტალიაშიც, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 78 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის 346 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 21 თებერვლიდან დღემდე იტალიაში COVID-19-ით 34 301 ადამიანი გარდაიცვალა. ლეტალური შემთხვევების რაოდენობით იტალია მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ბრაზილიის შემდეგ.

22 000-ზე მეტი ახალი ინფიცირებული და 711 გარდაცვლილი ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ისინი, ვინც კორონავირუსს ორგანიზმში არსებული ანტისხეულებით გადაურჩნენ, საკუთარ სისხლს სხვა ინფიცირებულების დასახმარებლად გასცემენ. ვაქცინის შექმნამდე ანტისხეულებით პაციენტების დახმარება ნომერ პირველ მეთოდად რჩება.

მექსიკაში ყოველდღიურად ათასობით ახალი ინფიცირებული და ასობით გარდაცვლილია. მძიმე პანდემიური ვითარების მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლებამ რიგი შეზღუდვები მოხსნა, მიზეზი საზოგადოების მოთხოვნაა. მექსიკელები აცხადებენ, რომ თუკი სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან, შიმშილი მოკლავთ. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 3 500 ადამიანი დაინფიცირდა, 424 გარდაიცვალა. COVID-19-ის 143 000 შემთხვევით მექსიკა მსოფლიოში მე-14 ადგილზეა.

მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც პანდემია თითქოს დასრულდა, ინფიცირების ახალი შემთხვევები კვლავ ფიქსირდება. კორონავირუსის ახალი კერები გაჩნდა ჩინეთსა და იაპონიაში. პეკინში კორონავირუსის ახალი კლასტერის გამო 11 უბნის მოსახლეობა კარანტინში გადაიყვანეს. უბნები, სადაც შეზღუდვები დააწესეს, "ხინფადის" ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. მას ახალი კლასტერის წყაროდ მიიჩნევენ. 11-ვე უბანში დახურულია ყველა საჯარო დაწესებულება. ტოკიოში კი გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ეს მაისის შემდეგ იაპონიის დედაქალაქში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პანდემიურ მსოფლიოში აქტიურად მსჯელობენ, რამდენად შეუძლია სხვადასხვა დიზაინის არასამედიცინო წარმოების პირბადეს ისევე ეფექტურად დაიცვას ადამიანები ინფიცირებისგან, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ სამშრიან სამედიცინო პირბადეს.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე კომპანია "ასტრაზენეკასთან" ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები COVID-19-ის საწინააღმდეგო შესაძლო ვაქცინის 400 მილიონ დოზას მიიღებენ. კომპანიის განცხადებით, ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე იქნება.

დღის ამბები