პროტესტი გურიაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის მცხოვრებლები მდინარე სუფსაზე კარიერული წარმოების პროცესს აპროტესტებენ. შეკრებილების მტკიცებით, კომპანია "სამი ძმის" წარმომადგენლები მოსახლეობის კუთვნილ ნაკვეთებზე მუშაობენ. გარდა ამისა, ზიანდება მდინარე და ეკოსისტემა.
მოსახლეობა წარმოების შეჩერებას ითხოვს და აპირებს სასამართლოს მიმართოს. მოთხოვნის მიუხედავად აქციაზე კომპანიის წარმომადგენლები არ მისულან. სამუშოები სუფსაზე ამჟამად შეჩერებულია.
გარემოს დაცვის ორგანიზაცია "ეკოს" თავმჯდომარე კომპანიას, რომელიც მშენებლობას აწარმოებს, ხიდის მშენებლობის ნებართვა არ გააჩნიათ და დოკუმენტაცია წესრიგში არა აქვთ.
"აქ უნდა ყოფილიყო იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც 4 დღის უკან უნებართვოდ შემოვიდა და დაიწყეს ხიდის მშენებლობა მდინარე სუფსაზე, მაგრამ ისინი ამ შეკრებას არ დაესწრნენ. არ დაესწრნენ იმ მიზეზების გამო, რომ არ აქვთ დოკუმენტაცია წესრიგში, არ აქვთ ხიდის მშენებლობის ნებართვა. სოფლის ყრილობა გადაწყვეტს თუ რა მიმართულებით გააგრძელებს ამ კარიერული წარმოების შეჩერებას. ჩვენ ეკოაქტიურად დავუდგებით გვერდით და ყველაფერს ვეცდებით, რომ ეს უკანონობა აღმოვფხვრათ," - განაცხადა გარემოს დაცვის ორგანიზაცია "ეკოს" თავმჯდომარე ირმა გურდელაძემ.
ადგილობრივების განმარტებით, აღნიშნული მშენებლობა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
"არ უნდა გაიცეს ეს კარიერები იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ საფრთხეს უქმნის ადგილობრივს, აგერ მდინარე გადადის-გადმოდის მის ჭკუაზე და მიაქვს საყანე ფართობები მთელი გურიის, მეტი არაფერი არ გვაქვს ჩვენ - სიმინდს ვუყურებთ. არ გაკეთდეს ეგეც არ შეიძლება, უნდა გავაკეთოთ გზებიც და სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილები, სადაც კი საჭიროა, მაგრამ ისეთ ადგილას უნდა აიღონ ბალასტი, სადაც არ დააზიანებს ბუნებას," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.