07 სექტემბერი 2026,   09:12
ვრცლად
ჩვილის ყიდვა-გაყიდვის საქმე - სამშობიაროში, სადაც ქალმა 18 ივნისს იმშობიარა, პირველ კომენტარს აკეთებენ

ჩვილის გაყიდვის მცდელობა დუშეთში - ახალშობილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბავშვი 18 ივნისს დაიბადა, მშობლები ერთ-ერთ პირს დაუკავშირდნენ და 5 000 დოლარის სანაცვლოდ ბავშვის მიყიდვა შესთავაზეს.

აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა, 5 000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა. სწორედ ამ დროს დააკავეს გარიგების მონაწილეები სამართალდამცავებმა. დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"კურიერის“ გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა იმ მისამართზე, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში შვილით ვაჭრობის სქემაში მხილებული წყვილი ცხოვრობდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ამ დანაშაულის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც სოციალური სამსახურის თანამშრომელი დაუკავშირდა და ოჯახის მდგომარეობითა და ასევე, იმ ვერსიებით დაინტერესდა, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ბავშვის თანხის სანაცვლოდ გასხვისების მიზეზი. ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ ამ დანაშაულთან დაკავშირებით საეჭვო ვერაფერი შენიშნეს.

პირველი განცხადება გაკეთდა  სამშობიაროშიც, სადაც ახალგაზრდა ქალმა 18 ივნისს იმშობიარა. როგორც ექიმები ამბობენ, დედა-შვილმა სამედიცინო დაწესებულება სტაბილური მდგომარეობით გუშინ დატოვეს.

რაც შეეხება ზოგადად ამ დანაშაულს, სამშობიაროს ექიმების განცხადებით, მათ ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სუს-ის თანამშრომლებმა პაციენტის შესახებ ისტორია გამოითხოვეს.

"შემოვიდა 18-ში, გაკეთდა საკეისრო კვეთა, მიღებული იქნა მამრობითი სქესის ახალშობილი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. შემდგომ პერიოდში ყველაფერი წარიმართა ფიზიოლოგიურად ნორმალურად და გაეწერა 22-ში, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით დედაც და შვილიც. მე გავიგე საღამოს, როდესაც უშიშროების წარმომადგენლები მოსულან," - აცხადებს ექიმი მერაბ მაჭარაშვილი.

ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინა და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით,  ბავშვის გაყიდვა განიზრახა. ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა, რის შემდეგაც, ეს პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და დაბადების მოწმობა აიღო. შეთანხმებისამებრ, 5 000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც ისინი დააკავეს.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დღის ამბები