გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ ოჯახის მოთხოვნა ერთადერთია - დადგინდეს სიმართლე, რა ვითარებაში დაიღუპა 19 წლის სპორტსმენი. მან ხაზი გაუსვა, რომ ოჯახი არ გამორიცხავს არც ტრაგიკულ შემთხვევითობას და არც ვინმეს მხრიდან ძალადობას.
"ოჯახს აქვს ერთადერთი მოთხოვნა - დადგინდეს სიმართლე. არ უნდათ მათ ხელოვნურად დამძიმებული სურათი - პირიქით, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა ვითარებაში დაიღუპა გიორგი. ბუნებრივია, არსებობს ოჯახის ვერსიებიც და მისი განხილვის დროს თანაბრად ვუშვებთ ჩვენ როგორც ვინმეს მხრიდან ძალადობას, ასევე, ტრაგიკულ შემთხვევასაც. თუმცა, ერთი რამ ფაქტია - ღამის 2 საათზე გიორგი თავისი ნებით არ შესულა მდინარე არაგვში საბანაოდ. ბუნებრივია, ეს გამოიწვია გარკვეულმა წინარე გარემოებებმა, რომლებიც კონფლიქტთან იყო დაკავშირებული. თუმცა ვიცით, რომ გიორგის კონფლიქტში არ მიუღია მონაწილეობა და ისიც ვიცით, რომ არც ნასვამი იყო და არც გამაბრუებელ საშუალებებს ეტანებოდა, ჩამოყალიბებული სპორტსმენი იყო და ეს ფაქტორები გამორიცხულია. გვრჩება იმედი იმისა, რომ ექსპერტიზა და პარალელურ რეჟიმში საგამოძიებო მოქმედებები უახლოეს დღეებში დაადგენს სიმართლეს და ჩვენ გვეცოდინება გარდაცვალების რეალური მიზეზი,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს. საქმეში არ არსებობენ ბრალდებულები, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს დაემატა კიდევ ერთი მუხლი. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით, ყველა ვერსიაზე, დაკითხულია 50 მოწმე. ჩატარდა ჩხრეკა საცხოვრებელ სახლებში - უცნობია ვის სახლებში, თუმცა ცნობილია, რომ ამოღებულია ტანსაცმელი, მობილურები, კვლევის ნიმუშები და ავტომობილები.