18 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში - მაშინ, როდესაც მსოფლიო COVID-19 მეორე ტალღაშია შესული, ქვეყანაში კვლავ სტაბილური ეპიდსიტუაციაა

როგორ ემზადება ვირუსის მორიგი შესაძლო აფეთქებისთვის საქართველო და მსოფლიო - ამ დროის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ვითარება სტაბილურია, დღეს ინფიცირების მხოლოდ 2 შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემია გრძელდება. თავისი ვირულენტობით ვირუსი სუსტდება, მაგრამ გავრცელების მასშტაბები გაიზარდა და ყოველდღე უფრო მეტი ადამიანის ინფიცირება ხდება მსოფლიოში, ვიდრე პანდემიის დასაწისში. სამყარო გლობალურად COVID-19 მეორე ტალღაშია შესული. საფრთხეები არსებობს, თუმცა საქართველოში ჯერ სიტუაცია კონტროლირებადია.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი მოსახლეობას კორონავირუსის მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით აფრთხილებს. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ იმავე გზის გავლა გაცილებით მტკივნეული იქნება.

საქართველო იმ 15 ქვეყნის სიაში მოხვდა, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს, სადაც ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ექიმები, რომელთაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ ინფიცირებულ პაციენტებთან, ამბობენ, რომ მსოფლიოსთან ერთად საფრთხის წინაშე საქართველოც დგას და ის, რომ კეთილსაიმედო ქვეყნების რიცხვში ჩაითვალა ქვეყანა, ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს სახელმწიფოს.

4-მილიონიან საქართველოში კორონავირუსის ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული. შედარებისთვის, მეზობელ სომხეთში კორონავირუსი მძვინვარებს. ყოველდღიურად ვლინდება ვირუსის ასობით ახალი შემთხვევა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დღეს კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება რომ საზღვრებზე ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. დაცვის მექანიზმის აუცილებლობა დღეს უფროა საჭირო, ვიდრე 2 თვის წინ იყო.

ვირუსი მასშტაბების გავრცელება რით არის გამოწვეული, მეცნიერები ჯერ კიდევ მსჯელობენ და პასუხები არ აქვთ. 240-მდე მეცნიერმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წერილით მიმართა. მეცნიერებს აინტერესებთ, ვირუსი მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, თუ ჰაერითაც არსებობს ინფექციის გავრცელების რისკები. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ეპიდემიის შინაარსს ცვლის.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მიღწეულს შენარჩუნება სჭირდება. თუ შესაბამისი კონტროლი არ მოხდება დაწესებულ რეგულაციებზე, საქართველოში ვირუსი ისევე სწრაფად გავრცელდება, როგორც სხვა ქვეყნებში. 

დღის ამბები