25 აპრილი 2024,   13:00
ვრცლად
ჩამოვედი ღამე პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას არასწორ დროს, ამირხანაშვილს არავის ვიცნობ - ლაშა ლურსმანაშვილი

უკვე დადგინდა პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამოღებულ ვიდეოში, წერეთლის გამზირზე, ე.წ. ოქროს მოწმეს გური ამირხანაშვილს ხვდება. ის ხაშურის მკვიდრი, ხელოსანი ლაშა ლურსმანაშვილი აღმოჩნდა.

ლურსმანაშვილი გამოკითხვაზე დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცმა დაადასტურა, რომ ვიდეოში ნამდვილად ის არის, თუმცა საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს და რომ კონტაქტის მიზეზი ტელეფონი იყო - მისი თქმით, გური ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა.

"ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ერთადერთს გეტყვით, რომ ჩამოვედი ღამე ჩემ პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არავის ვიცნობ. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა," - განაცხადა ლაშა ლურსმანაშვილმა.

როგორც მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი "თეთრპერანგიან" პირს "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

შეგახსნებთ, ამოღებულ ვიდეო ჩანაწერებში დაფიქსირებული ე.წ. თეთრპერანგიანი მამაკაცი სწორედ ლაშა ლურსმანაშვილი აღმოჩნდა. თავდაპირველად ვიდეოში დაფიქსირებული უცნობი, გამოძიებამ ავთანდილ ბილანიშვილად, იგივე "კაწროდ" აღიქვა და გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა როგორც 6 საათიანი გამოკითვის შემდეგ აღმოჩნდა, ჩანაწერში დაფიქსირებული პირი არა ბილანიშვილი არამედ ლურსმანაშვილი აღმოჩნდა. 

დღის ამბები