19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატის განცხადებით, მას არ ჰქონია ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.
ადვოკატის თქმით, ბარბაქაძე დილის 7 საათამდე აგარაკის ტერიტორიაზე მანქანაში იმყოფებოდა და არ გადაადგილდებოდა. მისი განცხადებით, ეს დასტურდება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით.
"მე შევხვდი სამჯერ, არ მიდასტურებს, მე არ მქონია ამაზე საუბარი, შემდეგი შეხვედრა როცა მექნება აუცილებლად დავინტერესდები და მოგახსენებთ. დილის 7-ის ნახევრამდე ეს მანქანა გზის სავალ ნაწილზე არ გადაადგილდება," - განაცხადა თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.
ასევე დღესვე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ვახო ახვლედიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ პერანგზე სისხლი ჰქონდა და შესაძლოა ეს სისხლის კვალი დარჩენოდა აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების დროს, როდესაც ის ამ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა და უბრალოდ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
"ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია. პირველ ჩვენებაშიც ამას ამბობს, მეორე ჩვენებაშიც ამას ამბობს და ყოველთვის ამას გაიმეორებს - ისინი მოგვდევდნენ საცემად. ინფორმაცია არ მაქვს, რომ იგეგმებოდეს მისი დაკითხვა, თუ გამოგვიძახებენ აუცილებლად. თუკი რაიმე გაგვახსენდება მზად ვართ, რომ გამოძიებას მოვახსენოთ.
ერთხელ დაურეკა თავის მეგობრებს და ერთ-ერთი, ლიკა ბეჟანიშვილი თუ არ ვცდები, მან გამოაგზავნა ტაქსი. მას ხომ შიში ჰქონდა და ვერ გამოდიოდა დამალული როცა იყო. ლიკას უთხრა, რომ სამი სიგნალი მომცესო ტაქსმა, რომ მე მივიჩნიო, რომ ის არის ჩემი," - აღნიშნა ადვოკატმა მზია ქასრაშვილმა.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა.19 წლის ფეხბურთელი ბოლოს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების გარემოებები კვლავ დაუდგენელია, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.