ოჯახის წევრებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის საკრებულოს დეპუტატს ბრალი დღეს უნდა წაუყენონ.
გამოძიება მიხეილ გრემელაშვილით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ის მისივე ახლობელმა სოციალურ ქსელში ძალადობაში დაადანაშაულა.
"ბავშვების ცემა, ცოლ-შვილის იარაღით დევნა სამი დღის წინ მოხდა. ისინი წავიდნენ თუ გაყარა სახლიდან და მეუღლის ძმის სახლში მივიდნენ. იქ უკვე დაუწყო ბავშვებს მესიჯების გზავნა, ჩამოდით, თორემ ამოვალ და მაგ სახლს გადავწვავ და ყველა, ვინც მანდ ხართ დაგხოცავთ, აგჩეხავთო.
ეს კონფლიქტი მოხდა იმიტომ, რომ წყალი არ დახვდა იქ, სადაც უნდა დახვედროდა. სახე ჰქონდა დალურჯებული, ცოლს მხარზე ჰქონდა დალურჯება.
იარაღს ამოიღებდა, ატრიალებდა, ატეხავდა სროლას, მიუშვერდა ბავშვს. სამი დღის წინ ბავშვისთვის რომ დაუმიზნებია, თვითონ ბავშვმა მომიყვა, მომკალიო, მე ისედაც მკვდარი ვარო ბავშვს უთქვამს და მერე ჰაერში გაუსვრია,"- უთხრა "კურიერს" მიხეილ გრემელაშვილის ბიძაშვილმა, New Life Hlobal-ის ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა.
სამართალდამცავები მიხელ გრემელაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაშიც ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, დეპუტატი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით მეუღლესა და შვილებს დაემუქრა და ფიზიკურად გაუსწორდა.
დაკავებას წინ უძღოდა მიხეილ გრემელაშვილის გამოკითხვა და სახლის ჩხრეკა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული იარაღი ამოიღეს.