გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ 7 ივლისს მას მტკიცებულების სახით გადმოეცა ერთ-ერთი დაკავებულის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.
ადვოკატის განცხადებით, ეს შესაძლოა, იყოს შემთხვევითობა, თუმცა მცხეთის პოლიციის სამმართველოში ის გუშინ საღამოს დაიბარეს. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ადვოკატს სთავაზობდნენ ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის, რომლის მიხედვითაც, მას აეკრძალებოდა ამ მტკიცებულებების გასაჯაროვება. ადვოკატი ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებას მან ხელი არ მოაწერა.
"ჩვენ ვიზუალურად გარკვეული ეჭვი შეგვექმნა, რომ რაღაც გარკვეული პირადი ხასიათის, საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია იყო და კომუნიკაცია გვქონდა საგამოძიებო ორგანოსთან. მათაც გამოხატეს ამ კუთხით და დაადასტურეს რომ გარკვეული შეცდომა მოუვიდათ, ეს ინფორმაცია არ უნდა გადმოეცათ და გუშინ ჩვენ 11 საათზე როდესაც ჩავედით, იქ იყო საუბარი, რომ მათ სურდათ ჩვენ გავეფრთხილებინეთ შესაძლო სისხლის სამართლის პასუსიხმგებლოსათან დაკავშირებით, მაშინ როდესაც მათ თვითონვე ჩაწერეს ჩვენ მიერ მიტანილ კომპიუტერში. ჩვენ გაგვაფრთხილეს შენახვისთვის, გავრცელებისთვის და ასე შემდეგ. ჩვენ, ცხადია, ამაზე უარი განვუცხადეთ და წარვადგინეთ წერილობითი მოთხოვნა, რითაც ვითხოვდით, რომ დაუყონებლივ მომხდარიყო ამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურება. ჩვენ ამ დრომდე ველოდებით, არავის არ დაურეკია. ეს მასალები ინახება კომპიუტერში," - განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ "კურიერმა" მოიპოვა ის დოკუმენტი, რომელიც 7 ივლისით თარიღდება და ხელს აწერს მცხეთის სამმართველოს გამომძიებელი ეკა თხელიძე. ამ დროისთვის უცნობია, ეკა თხელიძის ოქმში იყო თუ არა ჩამონათვალში ფაილი, რომელიც ადვოკატებს რამდენიმე დღის წინ გადაეცათ.