თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმის განხილვა, დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის ორი მოწმე დაიკითხა. ერთ-ერთი იყო ექსპერტი, რომელმაც საქმეში არსებულ დნმ-ებზე ისაუბრა.
სხდომა მეორე მოწმის ბათუ ქუთელიას დაკითხვით გრძელდება.
"ექსპერტიზა ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით, სტანდარტების მოთხოვნათა უხეში დარღვევით ჩატარდა. ამასთან, მან განაცხადა, რომ შესაძლებელია ადამიანზე ჩხირზე მოთავსებული ბამბით, კისრის არედან ოფლის აღება მოხდეს. შემდეგ თუკი მოხდება ამ ბამბის წასმა სხვა ნებისმიერ ნივთზე, მათ შორის ცეცხლსასროლ იარაღზე, მასზე დნმ მარტივად გადავა. აღნიშნული პოზიცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ ამ ფორმით მოხდა იარაღზე გიორგი რურუას დნმ-ის გადატანა,"- აცხადებს გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.