01 მაისი 2024,   18:36
ვრცლად
ახალი გარემოებები საქმის მეცამეტე ტომიდან - რა გახდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა ხვალ გახდეს ცნობილი

ექსპერტიზის დასკვნა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ხვალ გახდეს ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაირკვევა გაიზრდება, თუ არა დაკავებულ პირთა წრე და მოხდება, თუ არა საქმის კვალიფიკაციის შეცვლა. მანამდე კი, გამოძიება დასკვნით ეტაპზე გადადის. დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა გურამ ამირხანაშვილიც. გამოძიებას აინტერესებდა რატომ იყო განსხვავება 19, 21 და 26 ივნისს მიცემულ ჩვენებებში, დამატებით რა კითხვებს უპასუხა საქმის "ოქროს მოწმემ" უცნობია.

არ არის გამორიცხული, რომ გამოძიება გურამ ამირხანაშვილთან იმ ვიდეოსთან დაკავშირებით დაინტერესდა, რომელიც დიდუბეში თეთრპერანგიანი მამაკაცისა და ამირხანაშვილის შეხვედრას ასახავს. შეხვედრის ეს დეტალი, დიდუბეში სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. გამოძიების ინფორმაციით, პირი რომელიც ამირხანაშვილს ესაუბრება არა ავთანდილ ბილანიშვილი, არამედ ლაშა ლურსმანაშვილია. ხაშურში მცხოვრები პირი ამბობს, რომ ამირხანაშვილს არ იცნობს, საქმესთან კავშირი არ აქვს და ქუჩაში შემხვედრმა ამირხანაშვილმა, მას ტელეფონით დარეკვა სთხოვა, რაზეც უარი უთხრა, რადგან ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა.

გამოკითხვაზე დაიბარეს, ბილანიშვილიც. 5 საათიანი გამოკითხვის შემდეგ ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" "კურიერმა" ექსკლუზიურად ჩაწერა. მისი გაცხადებით, შაქარაშვილის საქმესთან შემხებლობა არ აქვს, შემთხვევის დროს კი სახლში იმყოფებოდა, რასაც მის მიერ წარდგენილი სატელეფონო ანძების ჩანაწერებიც ამტკიცებს.

ბილანიშვილის ადვოკატის განცხადებით, გამოკითხვის ინიციატორი თავად "კაწრო" იყო. თამარ აბესაძის განცხადებით, ის არ იცნობს იმ ნაძალადეველებს, რომლებსაც 18 ივნისს მცხეთაში დაპირისპირება მოუვიდათ, მათ შორის არც მორაგბეებს.

უფლებადამცველი ამ საქმეში ბილანიშვილის სახელის გაჟღერებას წინასაარჩევნო პოლიტიკურ თამაშს უწოდებს და არც პროვოკაციებს გამორიცხავს.

ანი გაბეჩავას დაბადების დღის წვეულების კიდე ერთი ლოკაცია თემქაზე მდებარე კორპუსია. "კურიერმა" საქმის მასალებით და ჩვენებების მიხედვით გაარკვია, რომ 18 ივნისის ღამეს, მას შემდეგ რაც საპატრულო ეკიპაჟმა ფოტოგრაფი თბილისში ჩამოიყვანა, ის ლისზე ავიდა. რის შემდეგაც ანის და მის მეგობრებს შეხვდა და მომხდარი უამბო. ისინი ერთად თემქაზე, გაბეჩავას ნათესავებთან მარიამ და ვაჟა ადეიშვილებთან სახლში წავიდნენ. ამოღებული ფოტოებით ირკვევა, რომ ახალგაზრდების წვეულებაზე 8 პირი დილამდე იმყოფებოდა. მათ შორის ლიზი ნადირაძეც, ანი გაბეჩავას ეს მეგობარი სხვადასხვა ჩვენებებში ფიგურირებს, მოწმეები ამბობენ, რომ სწორედ ლიზისგან შეიტყვეს შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ.

საქმის მასალებში დევს 18 ივნისს დაშავებული პირების ფოტო მასალებიც. ასევე, ნაძალადეველების ტელეფონებში ინახება დაპირისპირებაში მყოფი საბურთალოელების სურათები. კურიერმა ის აუდიო ჩანაწერი მოიპოვა, რომელიც საქმის მეცამეტე ტომში დევს. ერთ წუთიანი ჩანაწერი ირაკლი მუმლაძის ტელეფონის ვიდეო, ფოტო და აუდიო ჩანაწერებიდან არის. სავარაუდოდ, პირი მუმლაძეს თავად ურეკავს და ასევე სავარაუდოდ, ის მცხეთაში წვეულებაზე მყოფი არასრულწლოვანი პირის ახლობელია.

განახლებული საქმის მასალები მორაგბეების ადვოკატს 7 ივლის გადაეცა. ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ მტკიცებულებათა გადაცემის ოქმს ხელს მცხეთის სამმართველოს გამომძიებელი ეკა თხელიძე აწერს. გადაცემულ მასალებში მოხვდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც. 

უფლებადამცველების განცხადებას მალევე გამოეხმაურა პროკურატურა. უწყების ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, შაქარაშვილის საქმის მონაწილე ერთ-ერთი პირის ტელეფონში აღმოაჩინეს, საქმე ძიებისთვის თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გადაეგზავნა. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე სწავლობს გამომძიებლის მიერ დაცვის მხარისთვის მტკიცებულებათა გადაცემის გარემოებებს.

დღესვე, გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ ამირხანაშვილის სამალავთან, გაჩენილი ხანძარი ნივთმტკიცებულებების განადგურებასთან კავშირში არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი.

 

 

 

დღის ამბები