ოზურგეთში, ექადიის უბანში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ალუმინის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, მსგავსი ფუნქციის ქარხანა მჭიდროდ დასახლებულ უბანში არ უნდა შენდებოდეს. ამის გამო საფრთხეში მოსახლეობის ჯანმრთელობა დგება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება ქარხნის მუშაობას ხელს არ შეუშლის, მაშინ მოსახლეობა რადიკალურ ზომებს მიმართავს.
"თუ ხელისუფლება ნებას მისცემს ქარხანას, იმუშაოს, მაშინ სხვა გზა აღარ დაგვრჩება, ბენზინს მოვიტანთ და აქაურობას დავწვავთ," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე არ გამოჩენილან საწარმოს, შპს "არერსა მეთალის" წარმომადგენლები.
მოსახლეობასთან აქციაზე მივიდა უბნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით მდინარაძე.
"ვფიქრობ, მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია. მსგავსი ფუნქციის ქარხნის აშენება მჭიდრო დასახლებაში ნამდვილად გამოიყურება საფრთხის შემცველად. ჩვენ მომდევნო კვირაში საწარმოს წარმომადგენლებთან შეხვედრას დავგეგმავთ, სადაც მოსახლეობის ინტერესებს მაქსიმალურად გავატარებთ," - განაცხადა დავით მდინარაძემ.
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "ეკოს" თავმჯდომარის ირმა გორდელაძის თქმით, საქმე საიას უკვე გადაეცა.
"აღნიშნულ საქმეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეისწავლის, ჩვენ ქარხნის აშენების წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ, სასამართლოში მინისტრის ბრძანებას გავასაჩივრებთ, რომლითაც საწარმოს მუშაობის ნება მიეცა და ასევე, არ შევწყვეტთ პერმანენტულ აქციებს," - აცხადებს გორდელაძე.