18 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
ექსპერტიზის შედეგების მიხედვით ძალადობის ფაქტი არ იკვეთება - გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის ადვოკატი

წინასწარი პატიმრობა, თუ გირაო - გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ ცოტა ხანში უნდა შეუფარდოს. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ზაზა ალავერდაშვილია. ის გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო.

გამოძიებას გენერალური ინსპექცია და პროკურატურა აწარმოებს. დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

რაც შეეხება მხარეთა პოზიციებს, დაკავებული ზაზა ალავერდაშვილი, ყოფილი პოლიციელი, ბრალდებას არ აღიარებს და ის დუმილის უფლებას იყენებს.

ამ დროისთვის, დაკავებულის ადვოკატმა საქმეზე გაუთქმელობის შეთანხმება დადო, თუმცა უფლებადამცველი მაინც ხაზს უსვამს რამდენიმე გარემოებას და მიანიშნებს იმაზე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის დამნაშავე და ის ეცდება, რომ უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

ერთ-ერთი გარემოება არის ის, რომ დაკავებული მოსარჩელეს დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა, თუმცა რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდათ მათ ადვოკატი ამას არ აკონკრეტებს.

უფლებადამცველი ბონდო ვათიაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, რაც უკვე ბრალში დევს, ძალადობის ფაქტი არ იკვეთება.

"ფაქტობრივად გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, საქმის მასალები მთლიანად ემთხვევა ჩემს ბრალდებულთან გასაუბრების შინაარსს, ამდენად ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ბრძოლის შედეგად შევძლებთ, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგეს.

არის ექსპერტიზის დასკვნები საქმეში მსუბუქი დაზიანებების სახით, მაგრამ ეს დაზიანებები არ შეესაბამება იმ ბრალდებას რა ბრალიც აქვს წაყენებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს," - აცხადებს ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი.

დღის ამბები