20 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში ნახევარი მილიონით გაიზარდა - ევროპაში პანდემიის საწინააღმდეგო ახალი რეგულაციები შემოიღეს

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში გუშინდელთან შედარებით 500 ათასით, ანუ ნახევარი მილიონით გაიზარდა.

შეერთებულ შტატებში პანდემია კვლავ მძვინვარებს. დღეს ნიუ-იორკში ბიზნეს ობიექტები ხელახლა გაიხსნა, თუმცა როგორც შტატის გუბერნატორი აცხადებს, მძიმე კოვიდვითარების გამო შესაძლოა რეგულაციები კვლავ გამკაცრდეს და მუშაობის უფლება მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს მიეცეთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 1 200 ადამიანი გარდაიცვალა.

ევროპაში პანდემიის საწინააღმდეგო ახალი რეგულაციები შემოიღეს. 25 ივლისიდან ბელგიაში COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში კოვიდინფიცირების მაჩვენებლის ზრდაზე ისაუბრა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 370 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 ადამიანი.

სამედიცინო პირბადის ტარება ესპანეთში 2 თვეზე მეტია სავალდებულოა, თუმცა ქვეყნის დედაქალაქის ხელმძღვანელობა მოსახლეობას დამატებით რეკომენდაციებს აწვდის. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვირუსის გავრცელების ძირითად კერად ოჯახის შეკრებები და მეგობრული შეხვედრები იქცა, მადრიდის რეგიონის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი, ენრიკო ესკუდერო აცხადებს, რომ პირბადის ტარება ოჯახშიც აუცილებელია.

საფრანგეთის სამეცნიერო კვლევით ცენტრებში ფიქრობენ, რომ COVID-19-ი შესაძლოა დიდი ქალაქების საკანალიზაციო სისტემიდან გავრცელდეს. შესაძლო საფრთხის აღმოსაფხვრელად პარიზის მერია საკანალიზაციო სისტემას სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაუტარებს, პარალელურად მკვლევართა გუნდი სისტემატიურად ამოწმებს ქალაქში წყლის დაბინძურების მაჩვენებელს. თუმცა ჯერჯერობით საკანალიზაციო სისტემაში ვირუსის ნაწილაკები არ ფიქსირდება.

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით 15 მილიონ ნახევარს გადააჭარბა. წითელ ზონად კვლავ ლათინო ამერიკის ქვეყნები რჩება, ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი სწორედ სამხრეთ ამერიკაში ფიქსირდება. ვითარება სტაბილურია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სტაბილურად კლებულობს.

დღის ამბები