28 აპრილი 2024,   09:24
ვრცლად
"შესაძლოა პაციენტების მკურნალობა მათი რაოდენობის გამო ვეღარ შევძლოთ" - მსოფლიოში პანდემიის გამო შექმნილი ვითარება სულ უფრო მძიმდება

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 16 მილიონს აღწევს, პანდემიას 640 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორის თქმით, Covid-19-ის დაბალი დონის მქონე ქვეყნები კვლავ განიცდიან დაავადების პოტენციურ აფეთქებას.

"იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც ვირუსი დაამარცხეს, ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ დაავადების იმპორტირება მოხდება, ან დაავადება შეიძლება გავრცელდეს უხილავი კლასტერებიდან, რის გამოც, საყოველთაო კარანტინის ნაცვლად, მთავრობები აფეთქების შეკავებაზე უნდა იყვნენ ფოკუსირებულნი" - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი მაიკ რაიანი.

კვლავ მძიმე ვითარებაა შეერთებულ შტატებში, სადაც ბოლო მონაცემებით კორონავირუსი 4 მილიონ 200 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა, ლეტალობის მაჩვენებელმა 148 000-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ-19-ს 1 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"სრული დატვირთვით ვმუშაობთ, კლინიკა პაციენტების სიმრავლის გამო გადატვირთულია, ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, თუკი საზოგადოება პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს არ დაიცავს, შესაძლოა პაციენტების მკურნალობა მათი რაოდენობის გამო ვეღარ შევძლოთ," - განაცხადა ჯექსონის გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმმა მარკ სუპინომ.

ქვეყანა, სადაც შეერთებული შტატების შემდეგ ყველაზე მეტი ინფიცირებული ფიქსირდება, ბრაზილიაა, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში სულ ჯამში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 2.3 მილიონს მიუახლოვდა.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გაერთიანებულ სამეფოში რეგულაციები გამკაცრდა. ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ამიერიდან მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. ცვლილება, ასევე, შეეხება ბანკებს და სახლში მიტანის სერვისებს. პირები, რომლებიც კანონს დაარღვევენ, 100 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდებიან.

ესპანეთის ქალაქ დელეიტოსაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მზესუმზირის ჭამა აკრძალეს. ქალაქის მერმა ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საფრთხით ახსნა. გარდა ამისა, აიკრძალა ქუჩაში ტკბილეულის ჭამა, რადგან ბავშვები ხშირად ტკბილეულს ერთმანეთს უნაწილებენ, რაც ასევე ზრდის ინფიცირების საფრთხეს .

დღის ამბები