19 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
ლილოში დასაქმებულ ინფიცირებულებს სხვა ბაზრობების თანამშრომლებთან ჰქონდათ კონტაქტი - დაუდგენელი წყაროების შემთხვევები იზრდება

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა ქვეყანაში - ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საგრძნობლად იზრდება.

შეცვლილია დინამიკაც, როცა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას უსწრებდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იმაზე 4 ჯერ მეტია, ვიდრე გამოჯანმრთელებულების.

"საფრთხე არსებობს, ეს ციფრებშიც აისახება. ერთეული შემთხვევებიდან, ბოლო რამდენიმე დღეა, გვაქვს ორ ათეულ შემთხვევამდე დღის განმავლობაში. ამ მაჩვენებლით, შორეულ პერსპექტივაში რამდენად გაუარესდება ეპიდსიტუაცია, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია,"- აღნიშნავს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

ორნიშნა ციფრს გაცდა ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როცა ეპიდემიოლოგები ვერ 
ადგენენ დაავადების გავრცელების წყაროს. ასეთი ფაქტები, ძირითადად, დედაქალაქში ფიქსირდება. თბილისის ყველაზე ცხელ წერტილად კი ბაზრობები სახელდება.

ინფიცირებულები არიან ლილოში დასაქმებულები, რომლებსაც, პარალელურად, სხვა ბაზრობების თანამშრომლებთან ჰქონდათ კონტაქტი. მათ შორის - დინამოს და ქუთაისის ბაზრობების თანამშრომლებთან.

"დილის 9 საათისთვის არის 14 ახალი შემთხვევა. 5 უკავშირდება ლილოს კლასტერს. 6 იმპორტირებულია და აქედან 4 - სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 1 სამედიცინო პერსონალია და ორზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. 

სიტუაცია კონტროლირებადია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში გვაქვს ორნიშნა ციფრი - ეს არ არის განგაშის და პანიკის საფუძველი, მაგრამ საყურადღეობოა. ეს პროგნოზირებადი იყო, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქებას მოჰყვება ხოლმე ინფიცირებულთა ზრდა.

შეიქმნა ილუზია, რომ ქვეყანამ დაამარცხა ინფექცია, მაგრამ არ დაგვიმარცხებია, ის ჩვენთან ერთად არის და პერიოდულად წამოყოფს ხოლმე თავს," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები