10 სექტემბერი 2026,   17:57
ვრცლად
არის აბსოლუტურად უკანონო პატიმარი და უბრალოდ სლენგი რომ ვიხმაროთ "პრიკუპში" მოყოლილი - ტატიაშვილის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებას ახალი მტკიცებულებები აქვს. 22 ტომიან საქმეს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე კიდევ 2 ტომი დაემატა. ჯერჯერობით ახალი გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ ადვოკატებს, რადგან მათ საქმის მასალები არ გადაეცათ.

ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რა მტკიცებულებები დევს საქმის 2 ახალ ტომში, თუმცა სავარაუდოა, რომ აღნიშნულ ტომებში ის ჩვენებებია, რომელსაც ანი გაბეჩავას დაბადების დღის წვეულების მონაწილეები აძლევენ. ისინი, ვინც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შსს-ში აქტიურად იკითხებიან.

ცნობილია, რომ ადვოკატები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დღეს აღნიშნული მასალების გადაცემას მოითხოვენ.

რაც შეეხება უშუალოდ საქმის წარმოებას და გამოძიებას, პარასკევს არის ჩანიშნული არასრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა, მანამდე კი უკვე გაიმართა 11 სრულწლოვანის სასამართლო პროცესი. ისინი მოსამართლემ კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის სწორედ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ დღეს ადვოკატები.

მათი განცხადებით, არანაირი მტკიცებულება, რომელიც ბრალეულობას დაამტკიცებს, საქმეში არ არსებობს და მოსამართლემ დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში არგუმენტების გარეშე დატოვა.

"ეს პირები ბრალდებულნი არიან 143-ე და 225-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და იმის გათვალისწინებით, რომ თუ საქმის მასალებს გავეცნობით, ამ მიმართულებით ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობდა ბოლო კვირების განმავლობაში გამოძიება, მიგვაჩნია, რომ პატიმრობის გამოყენება ამ საფუძვლით არის უკანონო და დაუსაბუთებელი, აქედან გამომდინარე ჩვენ გავასაჩივრებთ დღეს და დაველოდებით შედეგს, თუმცა დიდი მოლოდინი, რა თქმა უნდა არ გვაქვს," – აცხადებს არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

გიგა ტატიაშვილის ადვოკატის თქმით კი, ეს არის გასაჩივრება გასაჩივრებისთვის და რაიმე ცვლილების იმედი არ აქვს.

"დღეს ვაპირებთ ჩვენ გასაჩივრებას. შემიძლია დავარქვა ამას გასაჩივრება მხოლოდ გასაჩივრებისთვის, წესისთვის, არაფერი სხვა დატვირთვა ამას არ ექნება. ზოგადად, მოგეხსენებათ ადამიანი ასაჩივრებს იმის იმედად, რომ რაღაც შედეგს მიიღებს, ჩვენთვის შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, ვვარაუდობდით ამას, რომ არაფერი შეიცვლებოდა. მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად უკანონო პატიმარი და არის უბრალოდ, მოდით სლენგი ვიხმაროთ - "პრიკუპში" მოყოლილი," – განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები