18 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
ბოლო ორი კვირის მანძილზე პირველად ინფიცირებულებზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს - იქნება თუ არა აფეთქება სექტემბერში

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 6-ით გაიზარდა. ეს ბოლო ორი კვირის მანძილზე პირველი შემთხვევაა, როდესაც დადასტურებული ინფიცირების დღიურ მაჩვენებელს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობს. ამ პოზიტიური მონაცემის მიუხედავად, სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ მოდუნების საშუალება არ გვაქვს.

ახალ რეალობასთან შეგუება ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, მსოფლიოსთან ერთად, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებსაც უწევთ. არ გამართლდა მოლოდინი იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსი ზაფხულის დადგომასთან ერთად გაქრებოდა. ვირუსი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ გაურკვეველი ვადით რჩება. ასეთ პირობებში სამედიცინო დარგის სპეციალისტების რჩევით, საუკეთესო თავდაცვის საშუალება უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვაა.

იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ინფექციონისტებსა და ეპიდემიოლოგებს მომავალ რისკებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირთ, თუმცა მათი ნაწილი შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ინფიცირების შემთხვევების მატებას არ გამორიცხავს. მსგავს სცენარს იზიარებს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილიც, რომლის განმარტებით ინფიცირების მზარდი ტენდენციის პირობებში, ახალი შემთხვევებისა და მათი წყაროების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

ქვეყანაში ეპიდვითარების კუთხით არსებულ რისკებს აფასებენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ყველა შესაბამისი უწყება მზადყოფნაშია, რათა გაზრდილი მომართვიანობის შემთხვევაში სისტემამ გამართულად ფუნქციონირება გააგრძელოს.

საქართველოში ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 1160 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 935 გამოჯანმრთელდა. კოვიდცენტრებში მკურნალობას 246 პაციენტი აგრძელებს.

დღის ამბები