აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გაიმართა. თანამშრომელთა ნაწილმა შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერის, დილის გადაცემის რედაქტორის და მემონტაჟეს სამსახურიდან გათავისუფლება გააპროტესტა.
პროტესტის ნიშნად, პირდაპირი ეთერი შეწყვიტა გადაცემა "ჰეშთეგმა". აქციაზე შეკრებილების თქმით, მაუწყებლის დირექცია მანიპულირებს ე.წ ინციდენტით, რომელიც თანამშრომლებს შორის მოხდა.
"ბოლო რამდენიმე თვეა, სწორ გადაწყვეტილებებს უბრალოდ ვერ იღებს, რადგან მათ არ იციან ტელევიზია და მისი სპეციფიკა. ჩვენ, ეს ყველა ადამიანი ახლა უნდა ვმუშაობდეთ და ვაკეთებდეთ საქმეს, ვემზადებოდეთ ახალი სეზონისთვის. რეალურად, ჩვენ ამის საშუალებას არ გვაძლევენ,"- განაცხადა აქციის მონაწილე ჟურნალისტმა ლეილა შავიშვილმა.
აქციაზე იმყოფებოდა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე, რომელიც მაუწყებელში მიმდინარე დაძაბულ პროცესებზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.
"აქ ებრძვიან თავისუფალ სიტყვას, განსხვავებულ აზრს და ვინც არ ეპიტნავებათ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ სამსახურებიდან. ეს არის ცალსახად უარის თქმა "ქართული ოცნების" მხრიდან დემოკრატიულ გზაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატიის ხარისხი უნდა იყოს მაღალი. ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" დანიშნული დირექტორის სახით პირდაპირ ებრძვის თავისუფალ სიტყვას,"-განაცხადა მან.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ტელევიზიიდან ღირსეულ და ობიექტურ ჟურნალისტებს ათავისუფლებენ.
"ვხედავთ, რომ ყველა მიზეზის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ ღირსეული ჟურნალისტები, რომლებიც ქმნიდნენ დამოუკიდებელ, ობიექტურ პროდუქტს გაათავისუფლონ და გააგდნონ ტელევიზიიდან, რომელიც წლების განმავლობაში, 14-15 წლის განმავლობაში ამ ადამიანებისთვის იყო არა მხოლოდ სამსახური, არამედ ღირსებისთვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ცენტრი,"-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.