რაჭაში მომხდარი სტიქიიდან ოთხი დღე გავიდა, რეგიონში სალიკვიდაციო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.
ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ელექტრომომარაგების აღდგენაზე და გზების გახსნაზე. ზარალი 50 მილიონს შეადგენს.
"ელექტროენერგიის მომარაგება სოფელ უწერაში აღდგენილია. ახლა კი გრძელდება მაღალმთიანი რაჭის სოფლებში ელექტროენერგიით მომარაგების სამუშაოები. რაც შეეხება გზების აღდგენას, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. არის ბევრი რთული მონაკვეთი და ამიტომ, არ ვიცით ზუსტად, რა დროში მოხერხდება მათი აღდგენა.
გომი-ჯინჭვისის ხიდი უკვე აღდგენილია, შესაბამისად, ამ სოფლებთან დაკავშირება უკვე საავტომობილო გზით შესაძლებელია.
საკაოს ხეობაში ორი ხიდი იყო დაზიანებული, ერთი მათგანის დროებითი კონსტრუქცია უკვე ჩამოტანილია. მეორე კი დღეს ჩამოვა. მათ მონტაჟს სავარაუდოდ, ერთი კვირა დასჭირდება,"- აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე.
ოთხი დღის წინ, რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ადიდებულმა რიონმა ათამდე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა.
ძლიერი წვიმა გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა.