19 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული გაგნიძის ადვოკატებმა გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერეს

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატების ნაწილს საქმის მასალები გადაეცათ. 19 წლის ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ინტერესების დამცველებს საგამოძიებო უწყებაში გაუთქმელობაზეც მოაწერინეს ხელი, რის გამოც ახალ ტომებში შეტანილ მასალასა და ჩვენებებზე ისინი ვერ საუბრობენ.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალი 5 პირს დაუმძიმდა, მათგან 2 არასრულწლოვანია. მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა მასალის მიღებაზე უარი განაცხადა. გაგნიძის ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, სწორედ ამიტომ პროკურატურა მათ შეზღუდვას ცდილობს. 

"ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ ხელწერილზე ხელმოწერას, გამომდინარე იქიდან რომ არ ვიბარებთ ამ მასალებს. არავის არავითარი გზა არ მოუჭრია. ეს არის აბსურდული ვერსია, რომელიც არაფრით არ დასტურდება და ვერანაირად ვერ დადასტურდება სასამართლოზე," - განაცხადა არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

"ჩვენი მოსაზრებით პროკურატურის მიზანი არის, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები და უპირველესად ადვოკატებმა არ ისაუბრონ ამ არარსებულ მტკიცებულებებზე. თუ ვინმეს უფლებების და ინტერესების დაცვა ნამდვილად სურდა, ეს შეეძლო მანამდე გაეკეთებინა და აღნიშნული ხელწერილის შედგენა არ ხდება მხოლოდ 109-ე მუხლთან მიმართებაში," - აღნიშნა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

"ახალი მასალები არ აქვთ არაფერი წარმოდგენილი. არანაირი ახალი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს. ახლა უნდათ, რომ მონურად მიგვიყვანონ, ხელი მოგვაწერინონ თავისივე დაშვებულ შეცდომებზე და გვაღიარებინონ, რომ თურმე ახალი არაფერი არ ხდება და ამ ინფორმაციას, რადგან მე ხელი მაქვს მოწერილი, ახალ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით და გაუთქმელობა გვაქვს მიცემული, ვერ მივართვით, ამას არ გავაკეთებთ ჩვენ," - განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ადვოკატების მეორე ნაწილმა უკვე გამოიტანა საქმის მასალები. ისინი დეტალებზე არ საუბრობენ.

"ბრალთან დაკავშირებით ისეთი პატარა მოთხრობაა საბავშვო დაწერილი, რომ თითქმის მეც დავიჯერე რა. თითქოს წინასწარ იცოდნენ შაქარაშვილი სად გაიქცეოდა. ერთი იქ ჩასაფრდა, მეორე იქ ჩასაფრდა და შაქარაშვილი, საწყალი ბიჭი დაიჭირეს. ზღაპრები. რაში სჭირდებოდათ გარდაცვლილი, როცა მათ წინ სამი კაცი იყო.

არცერთი არ არის კატეგორიული, არის ყველა სავარაუდო. ვარაუდობენ იმ თვალსაზრისით, რაც მათ სურთ და რაც იქ გამოსჭვივის," - განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა თეიმურაზ მაისურაძემ.

"ჩემი დავის ქვეშ მყოფ თავს დამნაშავედ არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში და კიდევ ერთხელ გეუბნებით, იმ მასალებში, რაც გამოყოფილ საქმეში გვაქვს, იქ ამ მუხლით, რაზედაც საუბარია, ჩემი გადასახედიდან იქ არაფერი ისეთი მტკიცებულებები, რომ ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობა მიეღო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონდა იმ მასალებში და სხვა კვალიფიკაციით არის ის ბრალდებული იმ საქმეში და ამ გამოყოფილ საქმეზე რა დაემატა, ვერ გეტყვით," - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა მილერი ხარებავამ.

დღის ამბები