გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. ადვოკატი მიხეილ რამიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავს.
როგორც ადვოკატი ამბობს, გამოძიებამ მკვლელობის ვერსიაზე უნდა იმუშაოს.
როგორც 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის დედამ დღეს განაცხადა, 21 და 22 ივლისს თეთრიწყაროში ელექტროენერგია იმიტომ გამოირთო, რომ მანქანის გადატანის და ტყესთან დატოვების მოწმე არავინ ყოფილიყო.
როგორც მშობლები ირწმუნებიან, საქმეში მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ, რომლებიც თეთრიწყაროს მცხოვრებლებზე და თვითმხილველებზე ზეწოლას ახდენენ.
"იქ ავტომობილი არ იდგებოდა 5 დღის განმავლობაში და ამას ტელევიზიების, დრონის მიერ გადაღებული ფაქტებიც ადასტურებს. აქედან გამომდინარე, ხვალ რომ ჩვენ შევხვდებით მთავარ პროკურორს, ამ კითხვებზე ძალიან დეტალურად მოუწევთ პასუხის გაცემა. უკვე მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ არანაირ თვითმკვლელობაზე არ არის საუბარი," - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
"ჩვეულებრივი მოკვდავი რომ ყოფილიყო, აქამდე ეს მილიონჯერ იქნებოდა გამოძიებული. აქ ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ატერორებენ თეთრიწყაროს რაიონის მოსახლეობას. ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი ვერ დააშინებს ყველას. არიან ისეთები, რომლებსაც ყველაფერზე მიუწვდებათ ხელი - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროზე, გააყალბონ მონაცემები, წაშალონ ტელეფონსა და კომპიუტერში ინფორმაცია," - აღნიშნა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.