17 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
აფეთქება არჩევნებს და ჩემს ძმაზე განხორციელებულ მუქარას უკავშირდება - მარტინ მკოიანი მის მიმართ შურისძიებას გამორიცხავს

ენზელ მკოიანის ძმის ავტომობილის აფეთქების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. შემთხვევის ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, მას აფრთხილებდნენ, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის ახლობელს მოკლავდნენ. მისგან ასევე, გარკვეული თანხის გადარიცხვას მოითხოვდნენ. უმრავლესობის წევრი მუქარას და მანქანის აფეთქებას სწორედ მის საქმიანობას და არჩევნებს უკავშირებს. ამავეს ფიქრობს მისი ძმაც. 

მარტინ მკოიანი აცხადებს, რომ ის ბიზნესმენია და თავის საქმეში არანაირი პრობლემა არ აქვს. სწორედ ამიტომ, ფიქრობს, რომ მომხდარი მისი ძმის არჩევნებში მონაწილეობას და ზოგადად, წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირდება. 

"მე ბიზნესმენი ვარ, ჩემს საქმეში ყველაფერი წესრიგში მაქვს. მყავს ძმა, რომელიც დეპუტატია, მას უკვე ორი თვეა ურეკავენ და ემუქრებიან. ეს ალბათ არჩევნებს უკავშირდება, რადგან ადრე, ასეთი შემთხვევები მის მიმართ არ ყოფილა. თუ მაფეთქებენ და მემუქრებიან, ყველაფერს დავკეტავ და წავალ. მე ბიზნესმენი ვარ და არა პოლიტიკოსი,"- აცხადებს ენზელ მკოიანის ძმა მარტინ მკოიანი.

გვიან ღამით, ახალქალაქში, "ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ძმის მანქანა აფეთქდა. მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 3 კილომეტრის რადიუსშიც გაიგეს. ენზელ მკოიანის ძმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

დღის ამბები