19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
თერჯოლელ ბავშვზე ძალადობის შესახებ განცხადება, ან შეტყობინება შსს-ში არ შესულა - უწყება განცხადებას ავრცელებს

თერჯოლის რაიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება უარყოფს  გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამაკაცის მხრიდან შვილზე სისტემატიურ ძალადობაზე სამართალდამცავებმა იცოდნენ, თუმცა სათანადო რეაგირება არ ჰქონდათ:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებით ინფორმაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება არ შემოსულა. შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

აღნიშნულ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით მომართვა 2010 წელს ფიქსირდება, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა.

გარდა ამისა, 2014 წელს, ადგილი ჰქონდა ბრალდებულს და მის სიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაზეც პოლიციის მხრიდან გატარდა შესაბამისი ზომები.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ბავშვის მამა 28 აგვისტოს დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

დღის ამბები