სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდება. მისი თქმით, ოჯახთან დალაპარაკების შემდეგ შეთანხმდებიან, როგორ და რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმეში.
"უახლოეს დღეებში მე შევხვდები გარდაცვლილი გოგონას მშობლებს, რა თქმა უნდა, მათი სურვილიდან გამომდინარე. ჩვენთვის არ არის საქმის მასალები ხელმისაწვდომი, შესაბამისად, განმარტებებს ვერ გავაკეთებ.
მე ვხედავ, რომ ოჯახი უკმაყოფილებას გამოთქვამს გამოძიების მისამართით. იმედია, იქნება ადვოკატიც, რომ იურიდიულ საკითხებზე ვისაუბროთ. იქ იქნება სახალხო დამცველიც და ვიმსჯელებთ, როგორ და რა ფორმით შესაძლოა ჩავერთოთ ამ საქმეში,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.