რამდენად სარწმუნოა გიორგი შაქარაშავილის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ჩვენება, რომელიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა - ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნეს კობა ჩიტიძეს, რომელიც დეტალურად აღწერს, რა მოხდა დაპირისპირების დღეს და როგორ მიიყვანეს სიკვდილამდე ახალგაზრდა ფეხბურთელი, დაკავებულების ადვოკატები აგენტს უწოდებენ.
მათთვის არადამაჯერებელია მკვლელობის ის ისტორია, რომელსაც კობა ჩიტიძე საკუთარ ჩვენებაში ყვება.
ადვოკატებს არ სჯერათ იმ დეტალების, რომელიც არის აღწერილი ჩვენებაში. ისინი საეჭვოდ მიიჩნევენ იმ გარემოებას, თითქოს ნიკა რევაზიშვილი ეჭვობდა საკანში იყო ჩამწერი მოწყობილობა დამონტაჟებული და მიუხედავად ამისა, ის 18 ივნისს მომხდარის დეტალებს უყვებოდა.
"ის რაც არის ჩვენებაში, არანაირი პრობლემა არ ყოფილა, არანირი აცდენა. ყველაფერი აიხსნა ჩვეულებრივად. ის მომენტი, როდესაც რაღაც ადამიანს არ ახსოვს, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. რაღაც მომენტში შეიძლება არ ახსოვდა, მაგრამ არსებობს კანონმდებლობაში ასეთი ცნება - ჩვენების დაზუსტება. ნებისმიერ დროს შეუძლია ადამიანს ჩვენების დაზუსტება, იმ ეტაპზეც და შეიძლება 5 თვის მერეც დააზუსტოს," - აღნიშნა არასრულწლოვან ნ. ხ.-ს ადვოკატმა ანა ჟღენტმა.
"ეს არის უბრალოდ ბლეფის გაგრძელება, ჩემთვის გაუგებარი არის, თუ ასე განუვითარებლად მიიჩნევს ჩვენ საზოგადოებას ბრალდების მხარე, რომ ასეთი ფინტის ჩატარებას აპირებს და საზოგადოება სათანადოდ ვერ შეაფასებდა. მე მას აგენტს ვუწოდებ, მიამართვინეს სახალხო დამცველისთვის, თურმე ამ დანაშაულის შესახებ გაიგო, მაგრამ სახალხო დამცველს მიმართა. ძალიან საინტერესოა მისი საქმიდან გამომდინარე ოდესმე თუ მიუმართავს სახალხო დამცველისთვის. საერთოდ ვინ არის ეს პირი?! თუ ასეთი ევროპის კონვენციის მცოდნეა და თან სასაცილო ისაა, რომ საქმეს იცნობდა ბრწყინვალედ, ექსპერტიზის დასკვნას, იქ თვალბუდის არეში დარტყმაზე არის საუბარი. თან ირიბი მოწმეა, მაგრამ მე მას მოწმესაც არ დავარქმევდი. ეს არის ჩვეულებრივი აგენტი," - განაცხადა თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. ამ ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.
განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 10 სექტემბერს დაიწყება.