ბრიტანეთში კორონავირუსის არსებობასთან დაკავშირებით სკეპტიკური დამოკიდებულება, ფაქტობრივად, არ არსებობს, ამის შესახებ "დღის კურიერში" "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა ელენე ფირცხალაიშვილმა განაცხადა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს.
"ბრიტანეთმა ბევრად რთულად გადაიტანა კორონავირუსი, ვიდრე საქართველომ. ინფექციით ბრიტანეთში 41 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, სიტუაცია ბევრად უფრო მძიმე იყო აქ. სკეპტიციზმის მიზეზი და საბაბი არ არსებობს, იმიტომ რომ ყველა ჩვენი თვალით ვხედავდით, რასთან გვიწევდა გამკლავება.
პანდემიის ფონზე, ლონდონში ტურისტების ჩამოსვლა შემცირებულია, თუმცა ბრიტანეთის საჰაერო სივრცე ღიაა და ნებისმიერ მსურველს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია შემოსვლა ქვეყანაში, თუმცა არის ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ბრიტანეთში ჩამოსვლის შემთხვევაში უწევთ 14 დღიანი კარანტინის გავლა.
რა თქმა უნდა, ეს ის მაჩვენებელი არ არის, რასაც ბრიტანეთი არის მიჩვეული ტურისტების თვალსაზრისით, თუმცა ლონდონი მაინც ცოცხალია და დუღს,"- აღნიშნა დღის კურიერში" ლონდონიდან ჩართვისას "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა ელენე ფირცხალაიშვილმა.