მრავალეროვნული სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2020"-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი Ocean Freedom ფოთის პორტში უკვე შემოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გემიდან ჩამოიტვირთა ამერიკული სამხედრო ტექნიკა - საბრძოლო ჯავშანმანქანები "სტრაიკერი", ჯავშანმანქანები "ჰამერი", ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანები და არტილერია, რომელიც ფოთის პორტიდან სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გადაადგილდა.
"ამერიკული სამხედრო ტექნიკის კონვოი სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე 6 და 8 სექტემბერს თვითსვლით გადაადგილდება.
ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი აშშ-დან, ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა.
სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობა კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო გზით ეტაპობრივად ჩამოდის," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სწავლება ოფიციალურად ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო "ღირსეულ პარტნიორს" უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.