15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ძმა, საქმეში ბრალდებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას გამოეხმაურა.
ბექა სირაძის განცხადებით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ გამომძიებელს 5 წელს მიუსჯიდნენ. გარდაცვლილი მოზარდის ძმის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
"ველოდებოდი, რომ მიუსჯიდნენ 5 წელს, თუმცა მიუსაჯეს 3 წელი. რაც შეეხება გასაჩივრებას, გავივლი ადვოკატთან და პროკურორთან კონსულტაციას და თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ, დავილაპარაკებთ და ამ შემთხვევაში გავასაჩივრებთ, თუმცა 3 წელი, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ არ არის ცუდი, იმიტომ, რომ მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ის იყო აბსოლუტურად უდანაშაულო და არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ ის დამნაშავე იყო, თუმცა ყველაფერი ჩვენსკენ შემოტრიალდა და ვნახეთ, რომ მიუსაჯეს გამამტყუნებელი განაჩენი," - განაცხადა ლუკა სირაძის ძმამ.
საია იყო პირველი ორგანიზაცია, რომელიც ასაჩივრებდა ლუკა სირაძის საქმეს და დღეს საია-ს წარმომადგენელმაც გააკეთა შეფასებები როგორც სამართლებრივ ნაწილში, ასევე უშუალოდ იმ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რომელიც კვლავ გრძელდება და მათ შორის მას სწავლობს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი.
"აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი რაიმეს თრობის ქვეშ იყო თუ არა არანაირ კავშირში არ არის იმ ქმედებასთან, რომელიც მასზე განახორციელა. ადამიანი არის კარგი, ცუდი თუ რას საქმიანობს, მასზე არ უნდა ხორციელდებოდეს არანაირი ძალადობა პოლიციაში და პოლიციელმა უნდა დაიცვას მისი უფლებები და არა დაარღვიოს. ამ შემთხვევაში მარიანა ჩოლოიანმა თავისი უფლებამოსილება ისე გამოიყენა, რომ არასრულწლოვნის მიმართ გამოიყენა ძალადობა, აიძულებდა მას ჩვენება მიეცა, თან ეღიარებინა ისეთი ქმედება, რომელიც დღემდე არ არის დადგენილი ჩაიდინა თუ არა ლუკა სირაძემ," - განაცხადა რეზო აჭარაძემ.
15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი ცნობილია - გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.