გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე დღეს მოწმე მარიამ ხატისკაცი გამოიკითხა.
ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულების სტუმარი სასამართლოში დღეს ამტკიცებდა, რომ მას სურდა პოლიციაში დარეკვა, მაგრამ ამის უფლება საქმის ოქროს მოწმეებმა, გურამ ამირხანაშვილმა და ვახო ახვლედიანმა არ მისცეს.
ამ ჩვენების შესახებ ინფორმაციას დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატები ავრცელებენ. თავად მარიამ ხატისკაცმა კი მცხეთის რაიონული სასამართლო გაძლიერებული დაცვის თანხლებით რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
გიორგი ქათამაძე აცხადებს, რომ არაფერი ახსოვს, რადგან მას მძიმე დაზიანებები ჰქონდა და გონება დაკარგა, ჯერჯერობით, არ არსებობს დასრულებული ექსპერტიზა, რამდენად მძიმე იყო მისი დაზიანებები.
მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ გიორგი ქათამაძემ ვერ ამოიცნო ის ადამიანები, ვინც სცემა, სწორედ იმის გამო, რომ გონება დაკარგული ჰქონდა.
"ვერავინ ამოიცნო გონება ჰქონდა დაკარგული. ვერაფერს გამოვრიცხავ შესაძლოა რკინით ან ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანებები,"- განაცხადა ერმილე ჭეიშვილმა.
დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ სხდომათა დარბაზში ქათამაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებლია, ხოლო ხატისკაცმა ძირითადად, საბურთალოელებზე ისაუბრა.
სხდომათა დარბაზში დღეს ერთ-ერთი ბრალდებული ნიკა ცუცქირიძე შეუძლოდ გახდა და მას სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოუძახეს.
ლ.შ-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი აცხადებს, რომ ხატისკაცმა საბურთალოელების ნაწილზე ისაუბრა.
"ხატისკაცმა განაცხადა, რომ მას უნდოდა პოლიციაში დარეკვა, მაგრამ ამირხანაშვილი და ახვლედიანმა უთხრეს, ყველაფერი კარგად იქნებაო. ქათამაძემ დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა პიროვნებამ ნომერი ნამდვილად გაუცვალა. მათ შორის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია,"- განაცხადა ზაქარია გვიშიანმა.
არსებითი განხილვა სასამართლოში 5 საათზე დიდხანს გაგრძელდა, სხდომა პარასკევს განახლდება.