06 სექტემბერი 2026,   11:44
ვრცლად
არც "მწვანე ზონის" სტატუსის დაკარგვის წინაშე ვართ და არც ჩაკეტვის საჭიროება აღარ არის - NCDC-ის წარმომადგენელი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ირინა კალანდაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის მიუხედავად ქვეყანა "მწვანე ზონის" სტატუსის დაკარგვის საშიშროების წინაშე, ჯერჯერობით, არ დგას:

"დღევანდელი მდგომარეობით, მწვანე ზონის სტატუსის დაკარგვის საშიშროების წინაშე არ ვართ, ვნახოთ, როგორი სიტუაცია გვექნება დღეებში. აბსოლუტურად ყველა შემთხვევას ვმართავთ და ყველას კვლევა მიმდინარეობს.

ერთადერთი მოსახლეობამ რაც უნდა გააკეთოს, ეს არის უსაფრთხოების პრევენციული ზომების დაცვა, რაც ამ ზაფხულში საკმაოდ შესუსტებული იყო ზაფხულში და ხალხი პრაქტიკულად არ იცავდა იმ მოწოდებებს, რაც დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო წრეებისგან იყო მოწოდებული, დღესაც მოვუწოდებთ ყველას. ეს არის პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა, ეს ორი ძირითადი პრევენციული ზომა საკმაოდ შესუსტებული იყო საქართველოში. განსაკუთრებით რაიონებში სოფლებში, ზღვისპირეთში ამ ზომებს არავინ იყენებდა. ეს ხალხი გაიშალა მერე მთელ საქართველოში და აქედან გამომდინარე გვაქვს ეს შემთხვევები," - განაცხადა ირინა კალანდაძემ.

ირინა კალანდაძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მიუხედავად, ჩაკეტვის პოლიტიკის გამოყენება, სავარაუდოდ, აღარ მოხდება:

"ჯერჯერობით, არ გვაქვს ის მაჩვენებელი, რომ ჩაიკეტოს აჭარის რეგიონი. ზოგადად, ჩაკეტვის პოლიტიკის საჭიროება უკვე აღარ არის. ჩვენ უკვე ვიცით, რა არის ეს ვირუსი. ეს ღონისძიებები იყო საწყის ეტაპზე ვინაიდან არ ვიცოდით ამ ვირუსის ხასიათი, მოქმედება მკურნალობა, დღესდღეობით უკვე გადავედით ვირუსის მართვის პერიოდზე, ვიცით დაახლოებით როგორ იქცევა ეს ვირუსი, როგორ უნდა ვმართოთ, ძალიან მცირე რაოდენობა გვაქვს მძიმე პაციენტებისა, ასე რომ ამის საჭიროება დღესდღეობით არ გვაქვს. გარკვეული სოფლების ჩაკეტვასთან დაკავშირებით წერტილოვანი ღონისძიებები დროებით იქნება გამოყენებული, სანამ ეპიდემიოლოგები სიტუაციაში გაერკვევიან,"- აღნიშნა ირინა კალანდაძემ.

დღის ამბები