მთავრობის გადაწყვატილების ნაწილი ძალაში დღეიდან შევიდა - გაუქმებულია ქორწილები და იუბილეები, ასევე სხვა სოციალური ღონისძიებები.
ოფიციალურად 1 ნოემბრამდე დაგეგმილი იყო 80-მდე სპორტული და კულტურული ღონისძიება, თუმცა უკვე მათ ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე ფორმატის შეცვლა მოუწევთ და როგორც ღონისძიების ორგანიზატორები გვეუბნებიან, იქნება უფრო მკაცრი კონტროლი და მონიტორინგი.
"იკრძალება 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით ღია სივრცეში კულტურული და სპორტული ღონისძიებების მოწყობა. ამ რეგულაციების გამკაცრება გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებით და მოხდება უფრო მკაცრი კონტროლი დამსწრეთა რაოდენობის, სოციალური დისტანციის და იმ რეკომენდაციების დაცვის შესრულების კუთხით, რომელიც დადგენილია სხვადასხვა რეგულაციებით. ღია და დახურულ სივრცეებში დაგეგმილი იყო დღეისათვის 80-მდე კულტურული ღონისძიება. ბუნებრივია ამ ღონისძიებების ფორმატიც შეიცვლება და გვექნება მუდმივი კომუნიკაცია ბენეფიციარებთან," – აცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა ონიანი.
რაც შეეხება ქორწილების, იუბილეების და ქელეხების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას, ამას რესტორანთა ასოციაციაში ბიზნესისთვის დამაზიანებლად და სკეპტიკურად უყურებენ.
"რესტორნებს და კაფეებს დღეიდან აღარ ექნებათ ამისი საშუალება და ეს აკრძალული ღონისძიებები გადაინაცვლებს ისევ და ისევ არალეგალურ დაქირავებულ სახლებში და ტყეებში, ფარდაგებზე და ა.შ. ეს არის ჩემი აზრით არასწორად გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ქორწილს თვითონ ვერ აკრძალავს, მაგრამ რესტორნიდან - მოწესრიგებული ადგილიდან უბიძგებს მოუწესრიგებელ ადგილამდე. რა საკვირველია რესტორნებს ძალიან დიდ პრობლემას კიდევ ერთხელ დაუმატებს, მაგრამ ჩვენ გვჩვევია, რომ რთულ სიტუაციაში გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ," – განაცხადა რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, სასწავლო დაწესებულებებში მასშტაბური ღონისძიებების განხორციელება იზღუდება. ბექა ფერაძის განმარტებით, სასწავლო ტერიტორიაზე მაქსიმალურად მცირე რაოდენობის შეკრება უნდა მოხდეს, მათ შორის მოსწავლეების და პედაგოგების. შემოწმებულია დაახლოებით 1 000-მდე სკოლა, რომელთაგანაც 900-ს მუშაობის უფლება მიენიჭა.
"იზღუდება და არ უნდა მოხდეს მასშტაბური ღონისძიებების განხორციელება, კონცერტების თუ საზეიმო მიღების სასწავლო დაწესებულებებში და ასევე გარკვეულწილად უნდა მოხდეს გადანაწილება იმგვარად, რომ მაქსიმალურად მცირე ოდენობის მათ შორის მოსწავლეები, მათ შორის მესამე პირები აღმოჩდნენ სასწავლო ტერიტორიაზე. დღეის მდგომარეობით ჩვენ შევამოწმეთ დაახლოებით 1 000-მდე სკოლა, რომელთაგან 900-ს მათგანს მიენიჭა მუშაობის უფლება," - განაცხადა ბექა ფერაძემ.