07 სექტემბერი 2026,   09:19
ვრცლად
გვინდა სწავლის დაწყებისთვის COVID-19-ზე ყველა პედაგოგი იყოს გატესტილი - იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული​

იმერეთში კორონავირუსზე ტესტირების მასშტაბები იზრდება, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში კარავი განთავსდა, სადაც კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომის მქონე ნებისმიერ პირს სწრაფი ტესტის გაკეთება შეუძლია. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ერთ-ერთი ამოცანაა, რომ სწავლის დაწყებამდე ყველა პედაგოგის ტესტირება მოხდეს:

"იმერეთში ჩვენ მხოლოდ ქუთაისში გვაქვს საყურადღებო მდგომარეობა, გუშინდელი მონაცემებით 28 ადამიანია ინფიცირებული და კვლევაც, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს კონტაქტების, ნაწილის უკვე მთლიანად შესწავლილია და ეს ადამიანები ზოგი თვითიზოლაციაშია და ზოგი კარანტინში. 567 ტესტი ავიღეთ გუშინ ქუთაისში და მთლიანად იმერეთის მასშტაბით, საიდანაც 28 დადასტურდა. გვინდა, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა პედაგოგი იყოს გატესტილი და ვიცოდეთ 100%-ით, რომ არცერთ მათგანს არ აქვს კოვიდინფექცია და შემდგომ ყველა ის ადამიანი, ვინც შეიძლება ჩათვალოს, რომ აქვს სიმპტომები," - აცხადებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგაძე აცხადებს, რომ პროცესებში ჩართულია იმერეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა ეპიდემიოლოგიური ჯგუფი:

"შემთხვევების რაოდენობიდან გამომდინარე დამატებით პროცესებში ჩაერთო იმერეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა ეპიდემიოლოგიური ჯგუფი. აქცია დაიგეგმა იმისთვის, რომ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ლაბორატორიული მომსახურება. საჩხერეშიც გვაქვს დადასტურებული შემთხვევა ერთი, რომელიც იყო ჩამოსული საჩხერეში საქმიანი მივლინებით, არ არის რთული შემთხვევა და კონტაქტები იდენტიფიცირებულია," - განაცხადა გოჩა გიორგაძემ.

დღის ამბები