დღეს დაკრძალეს ერეკლე თედილაშვილი, რომელიც გორში გარდაიცვალა. ვინ მიაყენა მას სასიკვდილო ჭრილობა და გახდა თუ არა გარდაცვალების მიზეზი ჩხუბი, ჯერჯერობით, უცნობია.
ასევე, უცნობია, ამ საქმისთვის ერთადერთ დაკავებულ თარაშ კანდელაკს დაუმძიმდება თუ არა ბრალი.
ამ სცენარით მოვლენების განვითარებას არ ელოდება დაკავებულის ადვოკატი. დღეს ამ საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს გორის რაიონულ სასამართლოში.
მოსამართლემ გადასინჯა აღკვეთის ღონისძიების ფორმაც და ის უცვლელი დატოვა.თარაშ კანდელაკი პატიმრობაში რჩება.
პროცესს თარაშ კანდელაკი დისტანციურად დაესწრო, კანდელაკის ადვოკატი ლანა ცერცვაძე კი აღნიშნავს, რომ მოწმეების თქმით თარაშ კანდელაკი იყო გამშველებელი.
"თარაშ კანდელაკი გაშველების მიზნით მივიდა ჩხუბის დროს და ამის მოწმეები გვყავს,"- განაცხადა ლანა ცერცვაძემ.
მოსამართლემ საქმის არსებითი განხილვა 2020 წლის 28 სექტემბრისთვის გადადო.