ეპიდაფეთქება აჭარაში - ბათუმში კორონავირუსის 144 შემთხვევა დაფიქსირდა, ქობულეთში კი COVID - 19 1 პაციენტს დაუდგინდა. ეს 145 შემთხვევა არის 74% დღიური 196 დადასტურებული ფაქტის.
შიდა გავრცელება რეგიონში ამ ეტაპზე მზარდია. ბათუმში ასევე ყოველდღიურად იზრდება მცირეწლოვნების რაოდენობა, რომელთაც ინფექცია უდასტურდებათ. გაიზარდა სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევებიც.
ახალი ფაქტები დაფიქსირდა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალსა და კლინიკა მედცენტრში. ინფიცირებულია საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის რეგისტრატურის 1 თანამშრომელი. ის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ინფექცია სწორედ ამ პერიოდში დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
"კურიერის" ინფორმაციით, კლინიკა მედცენტრში ერთ-ერთი განყოფილება დაკეტილია. უცნობია რა რეჟიმში აგრძელებს მედცენტრი მუშაობას.
"გამოვლენილი ახალი შემთხვევა გახლავთ 144. შემთხვევათა უმეტესი წილი ისევ და ისევ უკავშირდება, ძველი, გამოვლენილი დადებითი შემთხვევების კონტაქტებს, რომელებიც იყვნენ იზოლირებაში და მათ მიზნობრივად ჩაუტარდათ ტესტირება. გახლავთ საკარანტინო სივრციდან აგრეთვე 2 შემთხვევა. კლინიკაში მკურნალობას გადის 321 პაციენტი. შემთხვევათა მატება შესაძლებელია და მოსალოდნელიც არის მომდევნო დღეებშიც, ამ მიზნობრივ ჯგუფებში გამოვლენილი მინი კლასტერების ირგვლივ ისევ გაიზარდოს," - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ნონა ეფაძემ.
"ჯამში ამ დილისთვის ირიცხება 143 პაციენტი. 9 პაციენტი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში. 9-დან 4-ის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. აპარატზე არცერთი პაციენტი არ არის, ოღონდ ჟანგბადი მიეწოდებათ და მიმდინარეობს ანტივირუსული მკურნალობა. განყოფილებაში გვყავს 72 პაციენტი, რომელსაც სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება. გუშინ შემოვიდა 22 პაციენტი და 15 იქნა გადაყვანილი საკარანტინო ზონაში," - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმმა გია კიკაბიძემ.