05 სექტემბერი 2026,   13:27
ვრცლად
ახლა ჩამიგდეს სამწუხაროდ "მესენჯერში" კიდევ ერთი სურათი უზარმაზარი ქორწილის - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აკრძალვების მიუხედავად მოქალაქეთა ნაწილი სადღესასწაულო სუფრებს მაინც შლის და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიებების აღნიშნვისგან თავი შეიკავონ​.

"ახლა ჩამიგდეს სამწუხაროდ "მესენჯერში" კიდევ ერთი სურათი უზარმაზარი ქორწილის. არ დავასახელებ რეგიონს. აკრძალულია, მაგრამ ეს მაინც ხდება. უნდა დავემორჩილოთ ამ რეგულაციებს, ძალიან გთხოვთ. ბევრი ქორწილი იყოს, ბევრი ოჯახი შეიქმნას, ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ, ეს ქორწილები და შეუღლებები აღვნიშნოთ მოკრძალებულად, არ გვინდა 200-300-400 კაცი. ძალიან დიდი რისკია ინფექციის გავრცელების," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძე მასწავლებლებს მოუწოდებს, მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარონ.

"ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2,200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში იმყოფებოდა და ისინი საქართველოს ყველა რეგიონში გამოკვლევას დაექვემდებარნენ. 2,200-დან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1,011, ანუ 46% და 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, ისევ და ისევ გთხოვთ ყველა რეგიონში მასწავლებლებს, ვინც ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოში ბათუმსა და აჭარაში იყვნენ, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად. ამას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება," - განაცხადა დღეს ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები