პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კოვიდინფიცირების მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, დამატებითი ღონისძიებების და მკაცრი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობას ქვეყანაში ვერ ხედავს.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განმარტა, პანდემიის პირველ ეტაპზე ე.წ. ლოქდაუნის და საგანგებო მდგომარეობის შემოღების საჭიროება იდგა იმისთვის, რომ მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით ცოდნა არ არსებობდა და შეზღუდვები დროის მოგების მიზნით იყო საჭირო.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულობის რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან, ყველგან მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა.
აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა ასევე აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, ლოქდაუნები, შეზღუდვები, მათ შორის საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმიტომ მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ ცოდნა მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო. ჩვენ ეს დრო მოვიგეთ. დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, ვირუსთან დაკავშირებული ცოდნა არის ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად მსგავსი ციფრებისა, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.