"ლელო" იმერეთში ამომრჩევლებს ხვდება. პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ზესტაფონში, ბაღდათში, ქუთაისსა და საჩხერეში იმყოფებოდა.
"ლელომ" ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა და საპროგრამო დოკუმენტი - "მარშალის გეგმა" გააცნო.
მამუკა ხაზარაძე ჭიათურაშიც იმყოფებოდა, სადაც მან მოსახლეობას ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატად ანი მიროტაძე წარუდგინა.
"ჭიათურა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი თავისი რესურსებით, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქია. ადამიანები, რომლებიც შრომობენ დილიდან საღამომდე, მინიმალურს ვერ იღებენ, რაც მათ ეკუთვნით. ჩვენი ბრძოლა არის, რომ ეს უსამართლობა შევცვალოთ,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.
"ბრძოლა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, 31 ოქტომბერს დასრულდება გამარჯვებით. ხელისუფლება ხელს უშლის ამ გამარჯვებას. ორი არჩევანია, თავისუფლებასა და მონობას შორის. ჭიათურის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია, თავისუფალ საქართველოში ცხოვრება, თუ მონობა, რასაც სთავაზობს ბიძინა ივანიშვილი,"- აცხადებს საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ანი მიროტაძე.