19 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ერთადერთი პიროვნება, ვინც ფიქსირდება ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად, გახლავთ დავით ფურცხვანიძე​ - პროკურორი ბაჩალიაშვილის საქმეზე

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტის ფოტოები გაუგზავნა, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხა. პროკურორის განცხადებით, ფურცხვანიძე დამოუკიდებლად აწარმოებდა გამოძიებას და მან შექმნა სტატია უკანონო იარაღთან დაკავშირებით, რასთანაც თითქოსდა კავშირი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილს. ამ კავშირთან დაკავშირებით განცხადება გარკევული პერიოდის წინ გააკეთა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმაც.  

"ერთადერთი პიროვნება, ვინც ფიქსირდება ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად, გახლავთ დავით ფურცხვანიძე, ეს შეეხება როგორც მის ჩვენებას, რაც სასამართლოში გააკეთა, ასევე იმ მტკიცებულებებს, რაც გადასცა დამცველ ადვოკატებს და შემდგომ წარმოგვიდგინეს გამოძიებაში. ქალბატონმა თეონამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი შვილი ჩართული იყო ყარაბაღის ომში, გარკვეულწილად იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით და მოითხოვა ამ ფაქტის შესწავლა. როდესაც ჩვენ თეონა თამაზაშვილი დავკითხეთ მოსამართლის წინაშე, განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდა ინტერნეტ სივრციდან, ასევე ამობეჭდილი სახით ჰქონდა წარმოდგენილი დაკითხვის დროს და ჩვენ წარმოგვიდგინა დავით ფურცხვანიძის კვლევა," - აცხადებს პროკურორი დავით გუმბერიძე.

"უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელი დავით ფურცხვანიძე უარყოფს ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბაჩალიაშვილების ოჯახს ყარაბაღის ომსა და იარაღთან მათი შვილის კავშირის შესახებ ვერსია მან მიაწოდა:

"თუ ადრესირებულ პერსონალურ გადაგზავნაზეა ლაპარაკი, ისე რომ ადამიანს არც ვიცნობდი, ეს წავიდა ფეისბუკის გარკვეული "ნასილკით", ის მივიდა არა მარტო ქალბატონ თეონასთან, ეს იყო საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული სტატია. ცრუობენ და თანაც ქალბატონმა თეონამ სხვა კონტექსტში და სხვა ასპექტში თქვა ის რაც თქვა, მას არ აქვს პირველწყაროდ დასახელებული არასოდეს, რომ ჩემგან მიიღო რაიმე," - აცხადებს დავით ფურცხვანიძე.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. საქმე ეხება ე.წ სატელიტის ფოტოებს, რომლის საფუძველზეც მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, იმ ადგილზე სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიტანეს. პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია. ფოტოები მიხეილ რამიშვილს "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა.

დღის ამბები