19 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 11 პირიდან ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს და ნარკოტიკის "ჩადებაზე" საუბრობს

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 11 პირიდან ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს. 

ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი "კურიერთან" ამბობს, რომ მან საკონტროლო შესყიდვის ფარული ვიდეოჩანაწერები ნახა და იქ არც ფულის აღება და არც ნარკოტიკული საშუალების გადაცემა არ არის ასახული. მისივე თქმით, სახლი გაჩხრიკეს, თუმცა არაფერი ამოუღიათ.

"კურიერი" ძმების, ალახვერდოვისა და ალახვერდიევის ადვოკატს, ცეზარ მელითაურსაც ესაუბრა. ძმებს სახელმწიფო ბრალდება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება, თუმცა, მათი ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე და ნარკოტიკის "ჩადებაზე" საუბრობს. მისივე თქმით, ბრალდებულებმა უკვე მიმართეს მთავარ პროკურორს, რომ მათ საქმეზე გამოძიება ობიექტურად წარიმართოს. 

"მე ვიცავ ბრალდებულ ვალი ალახვერდიევის და მისი ძმის ინტერესებს. ისინი დაკავებულები არიან ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე. არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. როგორც თვითონ განმარტავენ, მათ არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონიათ დაკავებისას და პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებით მიმართავს მთავარ პროკურორს და დეტალურად მიუთითებს, თუ ვინ როგორ და რა კანონდარღვევები ჩაატარეს მის მიმართ. არანაირი საკონტროლო შესყიდვა არ განხორციელებულა. საქმის მასალებში არ დევს,"განაცხადა ადვოკატმა ცეზარ მელითაურმა.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში პოლიციამ 11 ნარკორეალიზატორი დააკავა. მათ შორის რამდენიმე ქალია. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის დროს ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", ფული და მობილური ტელეფონები.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციასთან ერთად დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ფარული ვიდეოჩანაწერებიც გაასაჯაროვა.

დღის ამბები