20 აპრილი 2024,   04:25
ვრცლად
აქცია გლდანის ციხესთან - პენიტენციური სამსახური პატიმრებზე ძალადობასთან დაკავშირებით ბრალდებას პასუხობს

გლდანის ციხესთან აქცია გაიმართა. შეკრებილები ადმინისტრაციას პატიმრებზე ძალადობაში ადანაშაულებენ.

"ბატონი ქინქლაძე, რომელიც ჯალათად არის გადაქცეული აგრძელებს პატიმრებზე ზეწოლას. მოაქცია დეესკალაციის ოთახში ისე, რომ არც მატრასი მისცა, არც არაფერი და პატიმარი ასე ძაღლივით დააგდო სათვალთვალო კამერაში. ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა და მე ვპირდები რომ არ ვაპატიებ, რომ ასე ექცევა პატიმრებს. ის მთვრალი დადის ციხეზე და აყენებს პატიმრებს შეურაცხყოფას, - აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ პატიმართა ოჯახის წევრებიც და დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

საკითხს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც,  ომბუდსმენის აპარატმა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დასაწყებად მიმართა

"პატიმრები საუბრობენ სავარაუდო მუქარაზე და ასევე საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მათ მიმართ. თუმცა, საუბარი არის არა ციხის დირექტორზე, არამედ სავარაუდოდ, მოადგილის გვარი იყო ნახსენები და ასევე სხვა პირების. ჩვენ უკვე მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, რომ დაიწყონ გამოძიება, ასევე გარკვეული ინფორმაციის დოკუმენტირება და ფოტო გადაღებაც მოვახდინეთ, რომელსაც რა თქმა უნდა, გამოძიების პროცესში, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს მივაწვდით," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

განცხადებას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო N8 პენიტენციური დაწესებულების მისამართით უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულმა ბრალდებებმა. უწყება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება და ადვოკატის პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს:

"გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო მსჯავრდებულ შ.ჭ.-ს მეუღლისა და ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინტერვიუები. ადვოკატ კობაიძის განცხადებით: "ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა. რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს".

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის N8 პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციის მცდელობა. ამ მხრივ მიზანმიმართული აქტიურობით გამოირჩევა ადვოკატი კობაიძე, რომელიც არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა და ამ მიზნით არ ერიდება არც ტყუილს, და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით  მანიპულირებას. ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გუშინვე იქნა მიწვეული კონკრეტული ფაქტების მისაწოდებლად (თუკი მას ასეთი გააჩნია) შესაბამის უფლებამოსილ უწყებაში, თუმცა მან დათქმულ დროს მოუცლელობის მიზეზით, განაცხადა, რომ მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტების მისაწოდებლად გამოცხადდება დღეს საღამოს.

ამავდროულად, N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნოდარ ქინქლაძემ გუშინ მიმართა შესაბამის უწყებებს მის მიმართ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მხრიდან ცილისმწამებლურ განცხადებაში მოცემული ფაქტების სასწრაფოდ შესწავლის მოთხოვნით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ნოდარ ქინქლაძე N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად უწყვეტად მუშაობს 2013 წლის მაისიდან და მას უკავშირდება გლდანში წინა ხელისუფლების დროს გამეფებული წამების მძიმე შედეგების წარმატებული ლიკვიდაცია და შემდგომ თითოეულ პატიმარზე ზრუნვა მისი კეთილდღეობისათვის. არ არის გასაკვირი, რომ გარკვეული ძალების მიერ სწორედ ის იქნა შერჩეული დარტყმის ობიექტად.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პატიმრებითა და მათი ოჯახის წევრებით მანიპულირების მცდელობისაგან და არ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები