06 სექტემბერი 2026,   20:38
ვრცლად
"ჩაის სვამდა ადამიანი, შეუცვივდა 50 კაცი და სცემეს" - დიმიტრი შაშკინი ბოლნისში მომხდარ ინციდენტზე

"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთს ძალადობის პროვოცირებაში ადანაშაულებენ და ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიებს ავრცელებენ. ბოლნისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. დღეს დილიდან განახლდა მოწმეების დაკითხვა ადგილობრივ პოლიციაში. გაიმართა მშვიდობიანი აქციაც.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, "ქართული ოცნების" 50-მა აქტივისტმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ აქტივისტს სცემა.

"შევარდა ბანდა, 50 კაცი ამ შენობაში, ჩაის სვამდა ადამიანი. შეუცვივდნენ და სცემეს. მოვიდა სასწრაფო და პოლიცია, ეს დააფიქსირეს. ამის შემდეგ, თვითონ წავიდნენ და დაწერეს განცხადება, რომ თითქოს ამ ადამიანმა სცემა. ამაზე ამორალურობა რა შეიძლება იყოს. მათი ლოგიკით, იმ შენობაში 50 კაცი აკრავდა პლაკატს, შევარდა მშვიდობიანი მოსახლე და დაუწყო 50 კაცს ცემა. მერე, თურმე, 2 კაცი საავადმყოფოში დააწვინა ამით,"-განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. 

"5 მანქანით შემოვიდნენ ისინი, 50 კაცი იყო. სპეციალურად მოვიდნენ აქ. შემოვიდნენ და სახეზე ფეხი დამარტყეს. ჩემთან ერთად ჩემი პარტიის წევრები არ იყვნენ, მარტო ვიყავი მე, დანარჩენი სოფლის ხალხი იყო ჩაიხანაში. მე მარტო როგორ ვცემდი 50 კაცს,"-განაცხადა ინციდენტის მონაწილე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა. 

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში გუშინ მოხდა. დაპირისპირება ჩაიხანაში დაიწყო, სადაც შევიდა "ქართული ოცნების" 16 მხარდამჭერიდან ნაწილი, რომლებიც მანამდე სოფელში მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატებს აკრავდა. იყო შელაპარაკება და მცირე ფიზიკური დაპირისპირება, რის შემდეგაც მმართველი პარტიის აქტივისტებმა იქვე მდებარე "ქართული ოცნების" შტაბთან გადაინაცვლეს. "ოცნების" მხარდამჭერების ინფორმაციით, სწორედ აქ მოხდა მათზე თავდასხმაც და "ნაციონალური მოძრაობის" ხელკეტებით შეიარაღებული, დაახლოებით, 30 აქტივისტი მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარის საპირისპირო ვერსიას ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობა". ისინი მმართველი გუნდის აქტივისტებს აგრესიაში ადანაშაულებენ და მათ მოსახლეობის დაშინებაში სდებენ ბრალს.

დღის ამბები