იმერეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ნაწილი ახალი "ოქროს ბირჟის" კლასტერია. ფალიაშვილის ქუჩაზე დაკეტილია ძვირფასი ნივთების ორი მაღაზია. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ვირუსი 20 თანამშრომელს დაუდასტურდა, რომლებიც კლინიკებში, კონტაქტები კი იზოლაციაში არიან. ინფიცირებულთა 70% ქუთაისზე მოდის. მათგან ნაწილი ძველ კლასტერებს უკავშირდება, არის ახალი ერთეული შემთხვევები, რომელთა წყაროების დადგენაც მიმდინარეობს.
ასევე, ერთეული შემთხვევა გამოვლინდა იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში. გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის გავრცელების ძირითად კერებს სავაჭრო ცენტრები წარმოადგენს. ის მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. რაც შეეხება ინფიცირებულებს, იმერეთის კლინიკებსა და COVID ცენტრებში 320-მდე პაციენტია. გუბერნატორის თქმით, ამ ეტაპზე საწოლფონდის პრობლემა არ აქვთ.