19 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
ყველაზე ზნედაცემული უნდა იყოს ადამიანი, რომ მაბრალებდეს თითქოს რაღაც სცენებს ვდგამდი - ჯეიჰუნ მუჰამედალი

​მარნეულში დაპირისპირებისას დაზარალებული ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელმაც ჟურნალისტი სიმულაციაში დაადანაშაულა. 

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ექსპერტიზამ მისი დაზიანებები  დააფიქსირა და სამედიცინო დასკვნაც არსებობს. 

"ადამიანი ყველაზე უნამუსო უნდა იყოს და ყველაზე ზნედაცემული, რომ ადგეს და მითხრას, რომ მე თვითონ რაღაც სცენებს ვდგამდი. ყველაფერი მალე გამოაშკარავდება და თუ ამირან გიორგაძე ამბობს, რომ მე ვტყუი, არ ვიცი რა ვუთხრა. ყველაფერი უკვე დააფიქსირა ექსპერტიზამ და შესაბამისად ისინი ალბათ პასუხს მალე გაგვცემენ. ასევე, სამედიცინო დასკვნაც გვაქვს, რა დაზიანებები მქონდა მე,"- აცხადებს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში "ევროპული საქართველოს" წევრები და მომხრეები, მერიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ. 

ისინი მარნეულში გუშინ მომხდარი დაპირისპირების მთავარ ფიგურანტად, სწორედ ამირან გიორგაძეს მოიხსენიებენ და მომხდარ ფაქტზე მისგან, პასუხს ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულში ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ჟურნალისტებს და აქტივისტებს სცემეს. 

დღის ამბები