შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების 2 ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ორივე შემთხვევაში პრობლემა აღმოფხვრილია და ინტერნეტის მიწოდება შეუფერხებლად ხდება.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს, ღამის საათებში, შპს "ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის" კუთვნილ, დმანისში სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კაბელების მანიშნებელ ბოძთან, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა/პირმა მიწა ამოიღო და მიწის სიღრმეში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის კაბელები დააზიანა, გადაჭრა კომპანიის კუთვნილი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, შავი ზღვიდან შემომავალი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები. აღნიშნულის შესახებ პოლიციას 2020 წლის 30 სექტემბერს, დაზიანებიდან, დაახლოებით, 3 საათში კომპანიის წარმომადგენელმა აცნობა.
ფაქტზე დმანისის რაიონულ სამმართველოში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
მარნეულის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს კომპანია “სილქნეტში“ შევიდა შეტყობინება სოფელ სადახლოში “სილქნეტის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანების შესახებ. ადგილზე მისულმა კომპანიის წარმომადგენლებმა ნახეს, რომ გადაჭრილი იყო წყლის არხზე გადამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. აღნიშნული კაბელით ხდება ინტერნეტით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა და იგი, ასევე, უკავშირდება სომხეთის რესპუბლიკას.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.