კორონავირუსი ზუგდიდის სკოლაში - ინფიცირებულია მოსწავლე. 2 კლასი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადაიყვანეს, თუმცა სკოლა მუშაობას განაგრძობს.
ირკვევა, რომ ოჯახი სპეციალისტების რეკომენდაციით, თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ბავშვი მშობლებმა სკოლაში მაინც გაუშვეს.
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. ვისთანაც კი შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ მოსწავლეს, გადავლენ თვითიზოლაციაში და 2 დაწყებითი კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.
სამეგრელოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევაა. რეგიონში ინფიცირებულების რაოდენობა 159 გახდა.
კორონავირუსის შემთხვევები იმერეთშიც იზრდება. ქუთაისში კორონავირუსი 63 პირს დაუდასტურდა. გურიაში 6 ახალი შემთხვევაა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 190 გახდა.
"ეპიდსიტუაცია ოზურგეთში კვლავინდებურად რჩება საყურადღებო, ოღონდ არა საგანგაშო, რაც შეეხება ახალ შემთხვევებს 6 ახალი შემთხვევაა, რომლისგანაც უმეტესობა არის დაბა ლაითურის შემთხვევა და უკავშირდება სკოლის კლასტერს. ასევე არის შემთხვევა და უკავშირდება აჭარას. შეზღუდვები გრძელდება, აქტიურად მომდინარეობს მონიტორინგი," - განაცხადეს იმერეთში.
"გვაქვს ზრდის ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ იმერეთში ყველა არსებული შემთხვევა კონტროლს ექვემდებარება, ეპიდკვლევას და შესაბამის ზედამხედველობის პროცედურას. ზრდა გვაქვს იქიდან გამომდინარე რომ ძალიან სწორად, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ლაბორატორიული კონტროლი უკვე არსებული დადასტურებული შემთხევებისა და მათი კონტაქტების," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ.