23 დეკემბერი 2024,   06:53
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს მიმდინარე კვირაში ტელეფონით გაესაუბრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით გაესაუბრება. პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება" ღამის კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

კითხვაზე, ვის დაურეკავს პირველად, ნიკოლ ფაშინიანს თუ ილჰამ ალიევს, პრეზიდენტი პასუხობს, რომ სატელეფონო საუბარი მიმდინარე კვირაში იგეგმება, თუმცა, ვინ იქნება პირველი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

"უკვე დროა, რომ შედგეს საპრეზიდენტო საუბრები, რომელიც ამ კვირას იგეგმება. ეს ყოველთვის რთულია, როგორც დალაგდება, ისე დალაგდება, აქ არ არის ჩვენი არჩევანი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის, რაც არის ამ რეგიონისთვის ყველაზე მთავარი, რომ საქართველო არის და იყოს ნეიტრალური თავისი ორი მეზობელი ქვეყნის მიმართ. ჩვენი, სამივე ქვეყნის ეკონომიკა, განვითარება, დამოკიდებულია მშვიდობასა და სტაბილურობაზე.

ვერ ავირჩევ და არ ხდება არჩევანი, ორივესთან ერთდროულად ჩვენი საელჩოები იმუშავებენ და როგორც დადგება რიგი, ისე იქნება. ამაში რამე სიმბოლიკა ან პოლიტიკური დატვირთვა არ არსებობს. 

ჩვენ შევთავაზეთ პლატფორმა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არის ყველაზე მთავარი იმისთვის, რომ მსხვერპლი არ იყოს, მაგრამ უკვე დღეიდან ისმის ორივე მხრიდან, რომ მზად არიან მინსკის ჯგუფის ამოქმედება მოხდეს, მე მგონი ამას უნდა შევუწყოთ ხელი, არ ვიცი, თუნდაც საქართველოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც მათთვის მისაღებია," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერთან" საუბრისას.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ფაშინიანს საქართველოში ნოემბრის დასაწყისში ელოდება.

"მე ველოდები ნოემბრის დასაწყისში სომხეთის პრეზიდენტს, ეს ვიზიტები იგეგმება," - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები